საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველო

TI: მთავარი არხის სიუჟეტზე გამოძიება სახიფათო პრეცედენტს, თვითცენზურის საფრთხეს ქმნის

მთავარი არხი

საერთაშორისო გაჭვირვალობა საქართველოში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტელეკომპანია მთავარის სიუჟეტზე საბოტაჟის საფუძვლით მიმდინარე გამოძიების პროცესი კითხვებს აჩენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავარი არხისგან 20 და 25 ივნისს გასული სიუჟეტებს დაუმონტაჟებელ მასალას ითხოვს, საბოტაჟის მუხლით მიმდინარე გამოძიების საქმის ფარგლებში.

მათი თქმით, მედიის მხრიდან პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევისას, საკითხის სისხლის სამართლის ჭრილში გადატანა ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, უხეში ჩარევაა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და ქმნის თვითცენზურის საფრთხეს.

TI-ს განცხადებით, მედიის მიერ პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევისას ყველა პირს აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს თვითრეგულირების მექანიზმები და მიმართოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას ან ტელევიზიაში შექმნილ თვითრეგულირების ორგანოს.

"ამის ნაცვლად, გამოძიების დაწყება და საქმის სისხლის სამართლით დასჯად ქმედებათა ჭრილში გადატანა სახიფათო პრეცედენტს ქმნის და „მსუსხავი ეფექტის“ საფრთხეს აჩენს"-  წერია განცხადებაში. 

გარდა ამისა, TI-ს განცხადებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სიუჟეტი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ სტატისტიკის გაყალბებასა და შესაძლო სამოხელეო დანაშაულს ეხებოდა. ამ ფონზე,  სიუჟეტში მოყვანილ შესაძლო დანაშაულებზე რეაგირების ნაცვლად, საბოტაჟის მუხლით გამოძიების წარმართვა არალოგიკურად გამოიყურება.

"აღნიშნული გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება არა ფაქტების დადგენას, არამედ მედიის საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას, სხვა ტელევიზიებისთვის გამაფრთხილებელი სიგნალის გაგზავნასა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შეკავებას ისახავს მიზნად".- წერია განცხადებაში. 

მათივე თქმით, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან მედიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები განსაკუთრებით საშიშ პრეცედენტებს ქმნის და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მედიაგარემოს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მოახლოებული არჩევნების ფონზე ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს დემოკრატიულ საზოგადოებაში ჟურნალისტის როლი და უზრუნველყოს მედიის შეუფერხებელი საქმიანობა.

სუს-ის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა და აცხადებს, რომ დაუშვებელია, საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები ერეოდნენ მედიის საქმიანობაში და აფასებდნენ მომზადებული მასალის შინაარსს.  

კომენტარები