საქართველო-რუსეთი

კობახიძე ფრესკაზე: საპატრიარქომ უნდა გამოიწვიოს მოსკოვში ჩვენი ეკლესიის წარმომადგენელი

რუსეთის სამხედრო ტაძარში აგვისტოს ომში მებრძოლი ჯარისკაცების გამოსახვას რელიგიათმცოდნე ბასილ კობახიძე თავის Facebook გვერდზე გამოეხმაურა:

"რუსულმა ეკლესიამ ფრესკებზე გამოსახა აფხაზეთისა და აგვისტოს ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის სისხლში არიან გასვრილი. თან ფრესკებზე დააწერა ამის შესახებ, რომ მნახველმა იცოდეს რომელი ჯარისკაცები არიან. ამის საპასუხოდ საპატრიარქომ უნდა გამოიწვიოს მოსკოვში ჩვენი ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენელი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, აქედან უნდა გააგდოს რუსული ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში დეკანოზი ვალდიმირ ალექსანდროვი და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს. თუ არა და საბოლოოდ დაამტკიცებს, რომ საქართველოს ეკლესია რუსული კაგებეს ფილიალია და მეტი არაფერი".

რუსეთის სამხედრო ტაძარში ფრესკის ქვევით შემდეგ წარწერას ვკითხულობთ:

"სამოქალაქო ომი ჩინეთში, ომი კორეაში, შეიარაღებული კონფლიქტი უნგრეთში, ლაოსში, ალჟირში, იემენში, ომი ვიეტნამში, შეიარაღებული კონფლიქტი ეგვიპტეში, სირიაში, ჩეხოსლოვაკიაში, კონფლიქტი დამანსკის ნახევარკუნძულზე, ომები ბანგლადეშსა და კამბოჯაში, ომი ანგლოაში, შეიარაღებული კონფლიქტები ეთიოპიასა და ნიკარაგუაში, საერთაშორისო ვალდებულების შესრულება ავღანეთში, შეიარაღებული ომი ლიბანში, ჩადში, კონფლიქტი ყარაბაღში, ომი იუგოსლავიაში, შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში, ტაჯიკეთში და დნესტრისპირეთში, ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები, საქართველოს მშვიდობისკენ იძულება, სირიაში საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა, ყირიმთან გაერთიანება".

წარწერასა და ფრესკის სურათს ინტერნეტში ცნობილი რუსი მისიონერი, დიაკონი ანდრეი კურაევი აქვეყნებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი ეკლესია პარკ პატრიოტში მდებარეობს. შენობის სიმაღლე 95 მეტრია, რის მიხედვითაც, ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ეკლესიების ჩამონათვალში მესამე ადგილზეა.

ეკლესიაში მოზაიკის განთავსებას აპირებდნენ, სადაც ვლადიმერ პუტინი იქნებოდა გამოსახული, თუმცა ეს გეგმა ჩააგდეს

"როდესმე მადლიერი მომავალი თაობა დააფასებს ჩვენს მიღწევებს, თუმცა ახლა ამის გაკეთება ძალიან ნაადრევია". – განცხადა პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

კომენტარები