მფრინავი გველები

როგორ დალივლივებენ გველები ჰაერში?

Jake Socha / New York Times

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გველები, რომლებიც თითქოსდა ჩვეულებრივ სრიალს სამხრეთ აზიის ერთ ხეზე იწყებენ და რამდენიმე წამის შემდეგ ათეულობით ფუტით დაშორებულ სხვა ხეზე აღმოჩნდებიან, არც ისეთი ჩვეულებრივები არიან. 

ვირჯინიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიოლოგიური ინჟინერიისა და მექანიკის პროფესორმა, დოქტორმა ჯეიკ სოჩამ, საკუთარ კვლევაში ამ მოქმედებას არ უწოდა უბრალოდ სწრაფი ლენტისებური სრიალი და დაასაბუთა, რომ ეს მოქმედება კოორდინირებული და ფუნქციურად სტრუქტურირებული მოძრაობების ნაკრებია. ეს ყველაფერი ქმნის გველის დინამიურ მოძრაობათა კასკადს და მას ფრენის დროს სტაბილურობას უნარჩუნებს.

"მე ვერ ვიტყვი, რომ ყველა საიდუმლო ამოხსნილია, მაგრამ უკვე საკმარისი ვიცით ამ საოცრების შესახებ". – ამბობს პროფესორი.

ფრენა ოდნავ არაზუსტი განმარტებაა იმისთვის, რასაც ეს გველები აკეთებენ. ის, რომ ეს სრიალა მფრინავი არსებები სტრატეგიულად ეშვებიან ძირს ან ლივლივებენ, ნიშნავს, რომ მათ ჩიტისა და მწერის მსგავსად არ შეუძლიათ სიმღლის დაძლევა. მფრინავი გველების ჰორიზონტალური ფრენა მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება, რაც მათ მიერ განვითარებული სიჩქარისა (25 მილი/საათი) და კოორდინირებული მოძრაობების შედეგია. კიდევ ერთი საოცრება კი მათი მიწაზე დაუზიანებლად დაშვებაა.

ხის კიდურა ნაწილიდან ჰაერში გადაშვების შემდეგ გველი ამოძრავებს ნეკნებსა და კუნთებს, იმისთვის რომ გააფართოვოს მუცლისქვეშა ნაწილის სიგანე. გველის სხეულის შუა ნაწილის ნორმალური წრიული ფორმა სამკუთხა ხდება. შესაბამისად, მისი სხეულის სტრუქტურა ჰაერთან პარაშუტისა ან ფრთების მსგავსად ურთიერთქმედებს.

სინგაპურში დოქტორ სოჩასა და მისი კვლევითი ჯგუფის მიერ ჩატარებული ცდის საფუძველეზე დადგინდა, რომ მფრინავ გველებს შეუძლიათ, უქარო ამინდში გადახტნენ 30-დან 60 ფუტამდე სიგრძეზე.

მეცნიერებს წლების განმავლობაში აინტერესებდათ – გველების ამ სახეობის მიერ ეს სისტემიზირებული მოქმედებები ევოლუციურად გამომუშავებული უნიკალური ნიშანი იყო, თუ ისინი უბრალოდ იმეორებდნენ და გარდაქმნიდნენ მიწასა და წყალში მოძრაობის ჩვევებს. 

მფრინავი გველები რეფლექსურად რეაგირებენ ზედაპირის კიდურა ნაწილთან მიღწევისას და ვარდნის პროცესში სწორედ ამ რეფლექსს მოსდევს ორგანოთა და კუნთების სპეციფიკური მოძრაობებიც. გველი ჰაერში გაჭრის შემდეგ ჰორიზონტალურთან ერთად მოძრობს ვერტიკალურადაც, ანუ ქვემოთ, მაგრამ ჰორიზონტალური ტალღების სიხშირე 2-ჯერ მეტია ვერტიკალურისაზე. ამ დროს კუდის ნაწილიც უჩვეულოდ მოძრაობს ზემოთ და ქვემოთ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გველი ჰაერს კვეთს და ვერტიკალური ვარდნის მაგივრად რამდენიმე წამის განმავლობაში სივრცეში ჰორიზონტალურად მოძრაობს. 

თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ამგვარ მოძრობებს ფრენისთვის საჭირო ფიზიკური მონაცემების შექმნა შეუძლიათ. მეცნიერები კი ამ მოძრაობების კვლევას განაგრძობენ და იმედი აქვთ, რომ ამგვარ მოძრაობათა სისტემა შეიძლება გამოიყენონ რობოტიკასა და ყოფით ინჟინერიაში, რაც ბუნებრივი კატასტროფებისას მსოფლიოს დიდ ზიანსაც ააცილებდა.

წყარო: The New York Times

ავტორი: დევიდ ვალდშტეინი

კომენტარები