აშშ-ჩინეთი

პეკინმა ჩინეთში მყოფ აშშ-ს მედიებს მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვა

Reuters

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1 ივლისს თქვეს, რომ ჩინეთის მთავრობამ ჩინეთში მყოფ ზოგიერთ ამერიკულ მედიას ქვეყანაში მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვა.

აღნიშნული მედიები არის Associated Press, National Public Radio, CBS და United Press International news agency. 

მათ მოთხოვნილი ინფორმაცია მომავალი შვიდი დღის განმავლობაში წერილობით ფორმით უნდა წარადგინონ.

აღსანიშნავია, რომ Associated Press-ში 29 ივნისს გამოქვეყნდა გამოძიებების მიგნებები, რის მიხედვითაც ჩინეთის მთავრობა ეთნიკურად უიღურებს პოპულაციის კონტროლის მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს.

ჩინეთი იძულებულია ეს ზომები მიიღოს, რათა დაუპირისპირდეს აშშ-ს მიერ აშშ-ში ჩინური მედიის უმიზეზო შევიწროებას. ეს სრულიად თავდაცვითი [ზომაა]". – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ჭაო ლიძიანი.

23 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საგარეო დიპლომატიური მისიების სიაში კიდევ 4 ჩინური მედიაორგანიზაცია შეიყვანა, რადგან მიიჩნევს, რომ მათ ჩინეთის კომუნისტური პარტია აკონტროლებს.

ჭაო ლიძიანმა აშშ-ს ქმედებები გააკრიტიკა და თქვა, რომ აშშ-ს ზომები ცივი ომისდროინდელ მენტალობასა და იდეოლოგიურ ცრუწმენებზე არის დაფუძნებული.

ჩინური პროპაგანდისტული მედიების – China Central Television, China News Service, People's Daily და Global Times საგარეო დიპლომატიურ მისიებად გამოცხადების შემდეგ, ისინი ვალდებულები იქნებიან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს გადასცენ ინფორმაცია აშშ-ში მათი თანამშრომლებისა და უძრავი ქონების შესახებ.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც აშშ-მ ჩინური მედიაორგანიზაციები უცხოეთის აგენტებად ცნო და მათზე დიპლომატიური მისიებისათვის მოქმედი რეგულაციები გაავრცელა.

Xinhua, China Global Television Network, China Radio International და China Daily კომუნისტური სახელმწიფოს აგენტებად და საგარეო მისიებად მიმდინარე წლის 18 თებერვალს გამოცხადდა.

2 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში ჩინეთის მთავარ სახელმწიფო მედიასააგენტოებში მომუშავე ჩინელი პერსონალის რაოდენობაზე ზედა ზღვარი დააწესა.

ამ ქმედებების პასუხად ჩინეთმა 3 ამერიკული გამოცემის ჟურნალისტებს პრესის აკრედიტაცია ჩამოართვა, მათ შორის, The New York Times-ის, Wall Street Journal-ისა და Washington Post-ის ჟურნალისტებსაც.

ამერიკელი ჟურნალისტების ნაწილს აკრედიტაციებს ვადა 2020 წელს გასდის. ჩინეთში განაცხადეს, რომ ჟურნალისტებს აკრედიტაციებს აღარ გაუგრძელებენ. მიზეზად დაასახელეს აშშ-ს მიერ ჩინური მედიისათვის დაწესებული შეზღუდვები.

ჩინეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ხსენებულმა სამმა გამოცემამ, ასევე Time-მა და ამერიკის ხმამ წერილობითი ფორმით უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია ჩინეთში მათი თანამშრომლების, ფინანსების, ოპერაციებისა და საკუთრების შესახებ.

ჩინეთი 2019 წლის მედიათავისუფლების ინდექსით 180 ქვეყნიდან 177-ე ადგილს იჭერს და მხოლოდ ერიტრეას, ჩრდილოეთ კორეასა და თურქმენეთს უსწრებს.

გასული წლის სექტემბერში ჩინეთში გამოაცხადეს, რომ ჩინეთში პრესბარათის ასაღებად პრეზიდენტისადმი ერთგულების ტესტის ჩაბარება იქნება საჭირო.

კომენტარები