ახალი კორონავირუსი აშშ-ში

ამერიკაში ერთ დღეში კორონავირუსის 47 000 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსის 47 000 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორც ინფექციური დაავადების ექსპერტები ამბობენ, ეს რიცხვი შესაძლოა გაორმაგდეს.

"აშკარაა, რომ ჩვენ ახლა კონტროლირებად მდგომარეობაში არ ვართ. ძალიან შეშფოთებული ვარ, რადგან მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს". – ამბობს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი.

ფაუჩის თქმით, აშშ-ში ყოველდღიურად დაინფიცირების რიცხვმა შესაძლოა, 100 000-ს მიაღწიოს. ის ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის შექმნის გარანტია არ არსებობს, თუმცა ადრეული მონაცემები იმედისმომცემია. ფაუჩის აზრით, მომავალი წლის დასაწყისში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.

ამერიკის ათ შტატში კორონავირუსის შემთხვევები ივნისის თვეში გაორმაგდა. მათ შორის, ტეხასსა და ფლორიდაში. ტეხასისა და არიზონას ზოგიერთ საავადმყოფოში, ინფიცირებულების დიდი რაოდენობის გამო, სამედიცინო აღჭურვილობა არ ჰყოფნით. 

კოვიდინფიცირებულებისა და ასევე ვირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებლით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ჯამში, ამერიკაში კორონავირუსის ინფექცია 2 727 996 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა – 1 143 490, ხოლო გარდაიცვალა – 130 123 ადამიანი. 

კომენტარები