საარჩევნო კოდექსის ცვლილებები

მდინარაძე: ოცნებაში შევთანხმდით, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების დიდ ნაწილს შევასრულებთ

ტაბულა

ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი დაჩქარებული წესით, პირველ და ორ ივლისს გეგმავს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიღებას. 

მდინარაძის თქმით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებებში ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. დეპუტატმა ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

"რეკომენდაციების ასახვა შესაბამის ნორმებში ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო გაიზრდება დემოკრატიის ხარისხი, კიდევ უფრო ნაკლები კითხვის ნიშანი იქნება და კიდევ უფრო ნაკლები სივრცე დარჩება სპეკულაციებისთვის, რაც არჩევნებს შეეხება იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ ეს კითხვები იყოს, რაც შეიძლება, ნაკლები. 

ასევე, რაც უკვე ვახსენე, სპეკულაციებისთვის სივრცე იყოს ძალიან დაბალი და არავის მიეცეს საშუალება, რომ დემოკრატიის მაღალი ხარისხი, რომლითაც ჩვენ არჩევნების ჩატარებას ვაპირებთ, თარგმნოს სხვაგვარად". – თქვა მამუკა მდინარაძემ. 

დეპუტატის თქმით, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა. 

"უმრავლესობაზე იყო რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით დისკუსია, მაგრამ უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ისინი მხარს უჭერენ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის შესრულებას". – თქვა მამუკა მდინარაძემ. 

საარჩევნო სისტემის ცვლილებებების მესამე მოსმენის შემდეგ ქართული ოცნების გუნდმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზეც დაიწყო მუშაობა. ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, მედიაკამპანიას და საეთერო დროს, წინასაარჩევნო გარემოს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, საარჩევნო დავების განხილვასა და არჩევნების მეორე ტურს შეეხება. ამასთან, საუბარია გენდერული კვოტებისა და პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზეც. მმართველი გუნდი გამოდის ინიციატივით, პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 ქალი იყოს.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები