ევროპული საქართველო ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეწყვეტის საქმეზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს პარლამენტში იბარებს.
ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ ისაუბრა და მომხდარს პოლიტიკური დევნა უწოდა.
"ბაჩანა შენგელია ერთადერთი იმით გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ იბრძოდა სამართლიანობისთვის, რომ დაედგინა ყველა დეტალი იმასთან დაკავშირებით, როგორ დევნიდნენ პოლიტიკურად დედამისს, ია კერზაიას, რომელიც შემდეგ შეეწირა ამ პოლიტიკურ დევნას". – ამბობს სერგი კაპანაძე.
დეპუტატის თქმით, ცვლილება ნოტარიატის დებულებაში სწორედ თეა წულუკიანმა შეიტანა. ცვლილების მიხედვით, დისციპლინური დევნის საფუძვლად პოლიტიკური ნეიტრალიტეტიც დაემატა.
"პრაქტიკულად იგივე გზა გაიარა, რასაც ეს ხელისუფლება, ბატონი გახარიათი დაწყებული, განათლების მინისტრით გაგრძელებული, 2018 წელს ახორციელებდა ბაჩანა შენგელიას დედის წინააღმდეგ. ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი და წარმოუდგენელი ფაქტი ღია პოლიტიკური დევნის, რომელზეც საჭიროა რეაგირება". – თქვა სერგი კაპანაძემ.
26 ივნისს ბაჩანა შენგელიამ თქვა, რომ 19 ივნისს მას ქსელიდან გამოურთეს პროგრამა, რითიც ის სანოტარო საქმიანობას ეწეოდა.
იმავე დღეს პარლამენტში მყოფ თეა წულუკიანს ოპოზიციის დეპუტატებმა ამ საქმის შესახებაც დაუსვეს კითხვა, რაზეც მინისტრმა ოპოზიციის წარმომადგენლებს ნოტარიატის შესახებ კანონის შინაარსი გააცნო, მათ შორის, ის ნაწილი, რომ აკრძალულია ნოტარიუსის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში.
ამასთან, წულუკიანმა დეპუტატებს მოუწოდა, საქმე არ "გააპოლიტიზირონ" და საზოგადოებას არ აფიქრებინონ, რომ ბაჩანა შენგელია პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის.
29 ივნისს კი ბაჩანა შენგელიამ იუსტიციის სამინისტროსგან მიღებული წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ სანოტარო საქმიანობა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო შეუჩერეს.
ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია იუსტიციის სამინისტროსგან მიღებულ წერილს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სანოტარო საქმიანობა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო შეუჩერეს.
"დადგინდა, რომ თქვენ – ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებთ მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებთ პოლიტიკურ შეფასებებს". – ნათქვამია წერილში.
ია კერზაიას საქმე
რაც შეეხება ბაჩანა შენგელიას დედის, ია კერზაიას საქმეს. ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ უძღოდა განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური თვალსაზრისით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.
თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს მრავალჯერ შესთავაზეს მუშაობა ქართული ოცნების სასარგებლოდ, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.
24 დეკემბერს ბაჩანა შენგელიამ გამოაქვეყნა ის ანონიმური წერილი, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს. 8 თებერვალს განათლების მინისტრმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ავტორის ვინაობის დადგენა.
11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან მთავრობას წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.
გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, "დანაშაულის არარსებობის გამო" გამოძიება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს შეწყვიტა. უწყების თქმით, არ დადასტურდა, რომ "ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას".
6 ნოემბერს კი სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ შენგელიას სარჩელი დაარეგისტრირა.