რეგულარული ფრენები

ზალკალიანი: ფრენებზე ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისი

საქართველოს მთავრობა

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ხელისუფლება საზღვრების გახსნაზე გადაწყვეტილებას მიიღებს მას შემდეგ, რაც ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიას გამოაქვეყნებს და ეს გადაწყვეტილება "ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილების შესაბამისი იქნება".

მინისტრის განცხადებით, საქართველო ოფიციალურ დოკუმენტს ელოდება.

"ევროკავშირი განიხილავს უსაფრთხო ქვეყნების სიას. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ იმ ინფორმაციით, რაც ვრცელდება, საქართველო, დიდი ალბათობით, არის და იქნება იმ უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის, რომელსაც ევროკავშირი საზღვარს გაუხსნის. მე ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმისა, რაც საქართველოს, ჩვენს ხელისუფლებასა და მთავრობას ჰქონდა და აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. და დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდგომი რეგულაციები, რა პროცედურები იქნება საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, იქნება მიღებული სწორედ ევროკავშირის გადაწყვეტილებით და ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ჩვენი ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილების შესაბამისი". – თქვა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ბრიუსელში "დღეს, მაქსიმუმ ხვალ იქნება მიღებული".

ევროპული საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, გახსნას საზღვრები და აღადგინოს რეგულარული ფრენები იმ ქვეყნებთან მაინც, რომლებშიც კარგი ეპიდსიტუაციაა – ეს ბევრი ადამიანის პრობლემას მოაგვარებდა.

29 ივნისს BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა ოფიციალურად დაასახელა ქვეყნები, რომლებისთვისაც პირველი ივლისიდან საზღვრებს ხსნის. სიაში სულ 14 ქვეყანაა, მათ შორის საქართველოც. 

მანამდე, 25 ივნისს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ, შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს. მთავრობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

კომენტარები