კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ზოგ ლაბორატორიაში ინფიცირებულ პაციენტებთან დაკავშირებით შეცდომები "გაეპარათ"

news.ge

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ზოგიერთ ლაბორატორიაში ინფიცირებულ პაციენტებთან დაკავშირებით გარკვეული შეცდომები "გაეპარათ". მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიამ დაიწყო გარე კონტროლის სისტემა, რომლითაც სხვა ლაბორატორიების მიერ დადასტურებულ შემთხვევებს ამოწმებენ. 

გამყრელიძის თქმით, როცა გადამოწმდა არადადებითი შემთხვევები და აღმოჩნდა დადებითი, ისინი დაუყონებლივ გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეებში. 

"თავიდან, თებერვლის დასაწყისიდან იყო მხოლოდ ლუგარის ცენტრი, შემდეგ ჩაერთო ჩვენი ორი ლაბორატორია ქუთაისი და ბათუმი. შემდეგ თანდათან იმატა ლაბორატორიების რაოდენობამ და დღეს არის 19. ჩვენ ყველა ახალ ლაბორატორიაში პირველი დადასტურებული შემთხვევების გადამოწმებას ვაკეთებთ. ასევე, ლაბორატორიებს უკვე ურიგდებათ საკონტროლო პანელები და ამ პანელებით ორმაგი კონტროლი ხდება". – ამბობს გამყრელიძე. 

მისივე თქმით, მედიცინაში 100 პროცენტიანი არაფერია და შესაძლოა, შეცდომები გაიპაროს, სწორედ ამიტომ, ურთიერთკონტროლი აუცილებელია. 

რაც შეეხება ზოგად ეპიდსიტუაციას ქვეყანაში, გამყრელიძის თქმით, ის სრულიად კონტროლირებადია და მართვას ემორჩილება. 

30 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი. ამ დროისთვის, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 928 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 794 ადამიანი, გარდაცვლილია – 15.

კომენტარები