8 მარტის შეთანხმება

თალაკვაძე პირველ და მეორე მოსმენაზე: გამოჩნდა, რომ ოცნება ასრულებს დადებულ პირობას

არჩილ თალაკვაძე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომის დაწყებამდე საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი და მეორე მოსმენა გაიხსენა და თქვა, რომ აქ გამოჩნდა ქართული ოცნების სწრაფვა დემოკრატიული განვითარებისკენ.

"ეს იყო წყალგამყოფი, სადაც გამოჩნდა, რომ ქართული ოცნება არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ასრულებს დადებულ პირობას და მზად არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის გადადგას მომდევნო ნაბიჯები, ერთგულია დემოკრატიული პრინციპების". – თქვა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ეს იყო წყალგამყოფი "ახალ და ძველ ოპოზიციას" შორის, სადაც "ახალმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა" პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და მხარი დაუჭირეს დემოკრატიულ ცვლილებებს.

"ასევე, ეს იყო წყალგამყოფი, სადაც გამოჩნდა განსხვავება ძველ და ახალ ოპოზიციას შორის – გამოჩნდნენ ახალი ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში, რომლებმაც მკაფიოდ გამოხატეს თავისი პასუხისმგებლობა და მხარდაჭერა დემოკრატიული ცვლილებების მიმართ და მე ვფიქრობ, ეს არის დასაფასებელი და აღსანიშნავი, ვინაიდან ის პოლიტიკური ძალები, რომელთაც ვერ აიღეს პასუხისმგებლობა იმაზეც კი, რასაც დაპირდნენ საზოგადოებას, იმაზეც კი, რაზეც შედგა შეთანხმება და ხელი მოაწერეს, ბუნებრივია, არ არიან მზად და ვერ შეძლებენ მომავალშიც ვერანაირი პასუხისმგებლობის აღებას.

სანაცვლოდ, კარგია, რომ პარლამენტში გამოიკვეთა ახალი ოპოზიცია ან ოპოზიციის ის ფრთა, რომელსაც აქვს მეტი პასუხისმგებლობა, რომელიც მომავალშიც მზად არის, რომ დემოკრატიულ პროცესებში და დემოკრატიულ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა." – თქვა თალაკვაძემ.

დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავს.

მანამდე, სანამ ქართული ოცნება 8 მარტს დადებულ შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს და გიორგი რურუა წინასწარი პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობს. ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი. თუმცა პირველი მოსმენის დროს ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს – ევროპულმა საქართველომ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტისთვის პირველი მოსმენის დროს დაეჭირა მხარი და ამით ხელისუფლებისთვის გიორგი რურუას გასათავისუფლებლად მესამე მოსმენამდე დრო მიეცა.

კომენტარები