კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 2 ახალი შემთხვევა სომხეთიდან შემოტანილია, სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, ახალი კორონავირუსის ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა სომხეთიდან არის შემოტანილი. მისივე თქმით, ორივე ახალი პაციენტი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 

"სომხეთიდან შემოსულები არიან, ტესტირება საქართველოში ჩაუტარდათ. ერთი ჩვენთან ვინც მოთავსდა, სომხეთის მოქალაქეა, მეორე, ალბათ, საქართველოს მოქალაქეა," - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

"ჩვენს [ცენტრში] შემოვიდა მხოლოდ ერთი პაციენტი, ახალი დადასტურებული, ესეც სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ანუ შემოტანილი შემთხვევაა და ორი პაციენტი გაეწერა, მაგრამ ეს არ არის ჯერ ასახული, იმიტომ, რომ დღეს დილას მოხდება ამ პაციენტების გაწერა. ამ ეტაპზე დაგვრჩება 23 დადასტურებული პაციენტი," - აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

ეზუგბაიას თქმით, შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა რუტინული კვლევებით და ობიექტური მონაცემებით საშუალო სიმძიმისაა.

როგორც მარინა ეზუგბაია ამბობს, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია და არც ერთ მათგანს არ აღენიშნება დაავადების დამძიმება - "ჩვენს ცენტრში ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ".

stopcov.ge-ს ამჟამინდელი ინფორმაციით, 27 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 921 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 781 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის 126 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები