ფრენები

ბოკერია: EU გვიხსნის სივრცეს და თქვენ ხურავთ? პოლიტიკური სიბრიყვეა თუ საიდუმლო ჩანაფიქრი?

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პრემიერმინისტრ გახარიას ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. კერძოდ, დეპუტატმა პრემიერს ჰკითხა, რატომ არ ხსნის საქართველო საერთაშორისო ფრენებს მაშინ, როდესაც, ყველა ინფორმაციით, ევროკავშირი თავად აპირებს საქართველოსთან საზღვრების გახსნას. 

"მორიგი რიხიანი სადღეგრძელო მოვისმინეთ, რომ ეს კოვიდპანდემია უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად. ერთი საკითხია, რაზეც, მინდა, მკაფიო და რაიმე გონივრული ახსნა მოისმინოს საზოგადოებამ.

ახლა, ჩვენ როცა ვსაუბრობთ, ევროკავშირი განიხილავს იმას, რომელ ქვეყნებს გაუხსნას რეგულარული ფრენებისთვის თავისი სივრცე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ინფორმაციით, რაც მედიაშიც გამოვიდა, დადებითად გადაწყდება საქართველოსთვის, რაც არის ძალიან კარგი - თავისუფალი სამყარო ხელს კიდევ ერთხელ გამოგვიწვდის, რომ შანსი გვქონდეს, სწრაფად გამოვიდეთ ამ უბედურებიდან.

ამის პარალელურად, თქვენმა მთავრობამ გამოაცხადა, რომ კიდევ ერთი თვით ხურავს რეგულარული ფრენებისთვის სივრცეს. ვერ გავიგე, აგვიხსენით, რას ერჩით ხალხს, ბიზნესს, მეწარმეებს, მოქალაქეებს - ყველას?

უმძიმესი მდგომარეობაა, უნდა დავეხმაროთ და შესაძლებლობა იყოსო... ევროკავშირი გვიხსნის და თქვენ ხურავთ ქვეყანას რეგულარული ფრენებისთვის? მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდვითარება არის კარგი - ბალტიისპირეთში, პოლონეთში. რითი აიხსნება ეს, პოლიტიკური სიბრიყვით თუ რამე საიდუმლო ჩანაფიქრი გაქვთ? აგვიხსენით, ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

25 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ, შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს. მთავრობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1-ლ აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

მოგვიანებით, იმავე დღეს Euronews-მა მოიპოვა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებისთვისაც ევროკავშირი საზღვრების გახსნას პირველი ივლისიდან გეგმავს. ამ სიაში საქართველოც შედის. 

კომენტარები