საზოგადოებრივი მაუწყებელი

"1 ხმა დაგვაკლდა" - ნათია კაპანაძე საზ. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად ვერ წარადგინეს

reginfo

აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი, ნათია კაპანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ვერ წარადგინეს. ამისთვის პარლამენტში საკმარისი ხელმოწერა ვერ შეგროვდა.

კანონის მიხედვით, იმისთვის, რომ კანდიდატი პარლამენტის წინაშე კენჭისყრაზე წარდგეს, მან წინასწარ 14 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიიღოს, მხარი კი მხოლოდ 13-მა დაუჭირა.

ამ ეტაპზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ვაკანტურია 3 ადგილი - უმრავლესობის კვოტით - ერთი და უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების კვოტით - ორი.

ნათია კაპანაძე უმცირესობის კანდიდატი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების 1/4-ის ხელმოწერაა საჭირო. ვინაიდან ახლა უმრავლესობის გარეთ 56 დეპუტატია, კაპანაძის წარსადგენად 14 მათგანის ხელმოწერა იყო საჭირო.

ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ კაპანაძისთვის მან 13 ხელმოწერა შეაგროვა, მეთოთხმეტის მოპოვება კი ვერ შეძლო - გიგა ბუკიამ, რომელიც ერთადერთი ვარიანტი იყო, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის პროცესში მონაწილეობაზე საერთოდ უარი განაცხადა.

"57 დეპუტატი რომ ყოფილიყო [უმრავლესობის გარეთ], შეძლება ასე არ მომხდარიყო. ძალიან ვარ გაბრაზებული". - გვითხრა ხათუნა გოგორიშვილმა.

კაპანაძე საბჭოს მიღმა დარჩა, პარლამენტმა კი, შესაძლოა, ნდობა პრორუს ჟურნალისტს, ბონდო მძინარაშვილს გამოუცხადოს.

წინასწარი კენჭისყრით მან შემდეგი 14 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო:

  • გიორგი ლომია
  • ადა მარშანია
  • გელა მიქაძე
  • ირმა ინაშვილი
  • ემზარ კვიციანი
  • გია ჟორჟოლიანი
  • მირიან წიკლაური
  • ბიძინა გეგიძე
  • ალექსანდრე ერქვანია
  • გიორგი მოსიძე
  • დავით ჭიჭინაძე
  • მარიამ ჯაში
  • კობა ნარჩემაშვილი
  • გიორგი ბეგაძე

ასევე, საბჭოს წევრობის კანდიდატები არიან ფლანგვის დეტექტორის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზაზა აბაშიძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელის კონსულტანტი, დოდო შონავა.

წინასწარ კენჭისყრამდე საბჭოს წევრობის კანდიდატებმა უკვე გაიარეს გასაუბრება, რომელიც სპეციალურმა კომისიამ საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩაატარა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სულ 9 წევრისგან შედგება.

მათ პარლამენტი ირჩევს: სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

კომენტარები