ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილმა დაადასტურა, რომ თბილისის ორ მაჟორიტარულ ოლქში ითხოვდა კანდიდატის დაყენებას

რუსთავი 2

ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია მთავარზე, გადაცემაში დღის სტუმარი დაადასტურა, რომ ოპოზიციას თბილისში ორ მაჟორიტარულ ოლქში სთხოვდა კანდიდატის დაყენებას.

"მკითხეს, რას აპირებო და მე ვუთხარი, რომ თუ ორ უბანში დავდგებით, მოვიგებთ-მეთქი ... ჩვენი რესურსიდან გამომდინარე ვამბობდით. ჩვენ გარშემო რომ დაგვენახა 8 კანდიდატი, რომელიც მომგები იქნებოდა, ვიტყოდი რვავეში დავდგებით-თქო. უბრალოდ, იმ შემთხვევაში ვხედავდით ორს".

მანამდე ელისაშვილი უარყოფდა, რომ მოლაპარაკებებისას მთაწმინდაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურა მოითხოვა.

პარტია ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ელისაშვილი მას და დავით ბაქრაძეს მოლაპარაკებებისას თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში 2 კანდიდატის ადგილს სთხოვდა. მისივე თქმით, ელისაშვილი "უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება".

როგორც ბოკერია განმარტავს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ელისაშვილი ლევან იოსელიანის კანდიდატურის დაყენებას ითხოვდა, რაზეც ვერ შეთანხმდნენ. "როცა ვკითხეთ, რომ ლევან იოსელიანმა 5-ჯერ ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე შალვა შავგულიძემ, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. შემდეგ გამოვიდა და თქვა, რომ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მივიღებო, თუ ამას ვაჭრობას ეძახის, თავად გვევაჭრებოდა. უწესობა და უსინდისობა ცუდი საქციელია და შემდეგ კამპანიის დაწყება თვითონ ამ იდეის წინააღმდეგ, რასაც კოორდინირება ჰქვია, ეს არის ივანიშვილის დახმარება". – ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველოს ლიდერის განმარტებით, ოპოზიციას სურს, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ძლიერი კანდიდატები დააყენოს, რათა ქართული ოცნება პირველივე ტურში დამარცხდეს.

მსგავსი განცხადება გააკეთა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ნინო გოგუაძემაც. მან თქვა, რომ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ორ ადგილს ითხოვდნენ.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობის დატოვების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრ ანა დოლიძესთან და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა შექმნა. ახლა კი ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამივემ თბილისში იყაროს კენჭი.

ალეკო ელისაშვილის თქმით, მას "კულუარებში არ უნდა უწყვეტდნენ ცეხავიკი პოლიტიკოსები", თუ ვინ იქნება მაჟორიტარი კანდიდატი. ელისაშვილმა "ცეხავიკ" პოლიტიკოსებად ევროპული საქართველოს ლიდერები მოიხსენია.

ამ დროისათვის ოპოზიციური პარტიები საერთო კანდიდატების დაყენებაზე თბილისის 8-დან 6 ოლქში არიან შეთანხმებულნი. პარტიებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. 

საერთო კანდიდატების სია ასე გამოიყურება: 

ვაკე – ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო).

გლდანი – ნიკა მელია (ენმ).

ისანი – გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო).

სამგორი – ლევან ხაბეიშვილი (ენმ).

მთაწმინდა და კრწანისი – შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები).

ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).

კომენტარები