აშშ-ის სანქციები

აშშ-მ სანქციები დაუწესა 5 გემის კაპიტანს, რომლებმაც ირანიდან ვენესუელაში ნავთობი ჩაიტანეს

მაიკ პომპეო
Reuters

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გამოაცხადა, რომ სანქციები დაუწესდებათ იმ ირანული გემების კაპიტნებს, რომლებმაც ვენესუელაში ნავთობი ჩაიტანეს.

პომპეომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს მხარდაჭერას აგრძელებს.

ირანიდან ვენესუელაში სულ 5 ნავთობით დატვირთული ტანკერი გაგზავნეს.

ვენესუელა ნავთობის მარაგის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, თუმცა, აშშ-ს სანქციებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო ნავთობის მოპოვება თითქმის სრულად არის შეჩერებული და ქვეყანაში საწვავის დეფიციტია. ოპოზიცია ამაში მთავრობას ადანაშაულებს. მათი თქმით, მადუროს რეჟიმის კორუფციამ და ცუდმა მენეჯმენტმა ქვეყანა იმ დონემდე მიიყვანა, რომ მათ ნავთობის სხვებისგან ყიდვა უწევთ.

ექსპერტების მოსაზრებით, ირანის მიერ მიწოდებული ნავთობი ვენესუელას 2-დან 3 კვირამდე ეყოფა.

აშშ-ს სანქციები აქვს დაწესებული როგორც ვენესუელისათვის, ასევე ირანისათვის.

მიმდინარე წლის მარტში რუსულმა სახელმწიფო ნავთობის კომპანიამ, როსნეფტმა, ვენესუელაში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვენესუელაში არსებული აქტივები იყიდა კომპანიამ, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის სახელმწიფოა, თუმცა კონკრეტულად რა კომპანიაზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია. მოვლენებს წინ უძღოდა აშშ-ის მხრიდან როსნეფტის ორი შვილობილი კომპანიისთვის სანქციების დაწესება

სანქციების მიზეზი კი ვენესუელური ნავთობით ვაჭრობა იყო, აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ კომპანიების საკუთრება დაბლოკა და საქმიანობის შეწყვეტის ბოლო ვადად მიმდინარე წლის 20 მაისი დაუსახა. 

კომენტარები