რუსეთი

The Moscow Times: რუსეთში ექიმებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმში მონაწილეობას აიძულებენ

TASS

გამოცემა The Moscow Times-ი წერს, რომ რუსეთში ექიმებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმში მონაწილეობას აიძულებენ. რეფერენდუმი მომავალ კვირასაა დანიშნული. ცვლილებები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საშუალებას მისცემს ქვეყნის სათავეში 2036 წლამდე დარჩეს.

"არჩევანი არ გვაქვს". – ამბობს კომის ინფექციურ დაავადებათა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი გამოცემასთან საუბარში. მისი თქმით, საავადმყოფოს თანამშრომლები შეხვედრაზე დაიბარეს და უთხრეს, რომ ხმის მიცემა სავალდებულო იყო.

ვლადივოსტოკში ექიმებს WhatsApp-ით მსგავსი შინაარსის მესიჯები გაუგზავნეს.

ზეწოლაზე საუბრობენ არხანგელსკისა და ჩელიაბინსკის რეგიონში მომუშავე ექიმებიც.

ხმის მიცემა ზოგიერთ რეგიონში 25 ივნისიდან დაიწყება და პირველ ივლისს დასრულდება.

რუსეთში საჯარო სექტორში დასაქმებულების მობილიზება ყოველ არჩევნებზე ხდება. Reuters-ის მიხედვით ამჯერად კრემლმა თანამშრომლების მობილიზება 3 მსხვილ რუსულ კომპანიასაც სთხოვა, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ეს აკრძალულია.

პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, თუმცა ახალი ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს კიდევ ერთი ან ორი ვადით იყაროს კენჭი და ხელისუფლება კიდევ 6 ან 12 წლით მართოს.

კომენტარები