მთავარი არხი

ბავშვთა პორნოგრაფიაზე მომზადებული სიუჟეტის გამო ნიკა გვარამია ბოდიშს იხდის

მთავარი არხი

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ მისივე ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

"ბავშვთა პორნოგრაფიის სიუჟეტში,

  • მიუხედავად ავტორის მიერ ყველა ფორმალური მოთხოვნის დაცვისა (ხაზგასმით, ყველა არსებული ფორმალური მოთხოვნის);
  • მიუხედავად აბსოლუტურად და უალტერნატივოდ კეთილშობილური მიზნისა, დაგვეცვა მსხვერპლი ბავშვები და გვეიძულებინა მახინჯი მთავრობა, შეესრულებინა მსხვერპლის დაცვის კონვენციური ვალდებულებები;
  • მიუხედავად ამ ყველაფრისა, მთავარმა არხმა დაუშვა მძიმე შეცდომა. იმედია, არა გამოუსწორებელი.

ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ვწუხვარ, და არ ვაპირებ იმის დაწერას, რომ "შეცდომები მოსულა" და რომ მთავარ არხს აბულინგებენ. მადლობა კრიტიკისთვის ყველას, ვინც მოდარაჯე ძაღლის პრინციპით ცდილობს, რომ ამგვარი შეცდომები მომავალში აღარ დავუშვათ. ჩვენც ძალიან ვეცდებით". – წერს გვარამია facebook-ზე.

დღეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ტელეკომპანია მთავარის ეთერში გასული სიუჟეტის ყველა პლატფორმიდან აღება მოითხოვა. ქარტია აცხადებდა, რომ არაეთიკურად გაშუქებულმა პრობლემა ბავშვებს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა.

"2020 წლის 21 ივნისს, ტელეკომპანია მთავარის პროგრამა PostFactum-ში გავიდა სიუჟეტი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე.

სიუჟეტში აჩვენეს კადრები პორნოგრაფიული მასალიდან. მიუხედავად იმისა, რომ შეეცადნენ ბავშვთა სახეების დაფარვას, ვფიქრობთ, გარკვეული პირებისთვის შესაძლებელი გახდა არასრულწლოვანთა იდენტიფიცირება.

ქარტია მიიჩნევს, რომ ბავშვის დაფარვა უპირობოდ აუცილებელია, თუ მასალა რაიმე ფორმით უკავშირდება სექსუალურ ძალადობას. მედიამ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გააშუქოს ამგვარი შემთხვევები. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი, რადგან ხშირად ვინაობის დადგენა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა დეტალების ამოცნობითაც, რაც ამ შემთხვევაში გამოვლინდა.

მედიის ვალდებულებაა, თავიდან აიცილოს ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოს მას ამბავი, რომელიც ნეგატიურ ემოციებთანაა დაკავშირებული. გამონაკლის შემთხვევად მიიჩნევა რედაქციის დასაბუთება და საჯარო ინტერესი, რასაც მთავარი არხის ეთერში გასული სიუჟეტის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მერვე პრინციპის თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.

მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანიამ არ გაითვალისწინა ბავშვთა საუკეთესო ინტერესი და გაავრცელა მასალა, რომელიც, ჩვენი აზრით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მათ.

ქარტია მოუწოდებს ტელეკომპანია მთავარს, ამოიღოს აღნიშული სიუჟეტი გავრცელების ყველა შესაძლო პლატფორმიდან. ასევე მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, არ გაავრცელონ მსგავსი, ბავშვთა ინტერესების დამაზიანებელი ვიდეოკადრები". – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

კომენტარები