აშშ-ჩინეთი

პეკინი: თუ აშშ ჩინური მედიების მიზანში ამოღებას არ შეწყვეტს, პასუხს გავცემთ

Reuters

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საგარეო დიპლომატიური მისიების სიაში კიდევ 4 ჩინური მედიაორგანიზაცია შეიყვანა, რადგან მიიჩნევს, რომ მათ ჩინეთის კომუნისტური პარტია აკონტროლებს.

აშშ-ს ამ ქმედების შესახებ ოფიციალურმა პეკინმა თქვა, რომ თუ ვაშინგტონი შეერთებულ შტატებში ჩინური მედიების მიზანში ამოღებას არ შეწყვეტს, ჩინეთს საპასუხო ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. 

ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჭაო ლიძიენმა, განაცხადა.

ჩინური პროპაგანდისტული მედიების China Central Television, China News Service, People's Daily და Global Times საგარეო დიპლომატიურ მისიებად გამოცხადების შემდეგ, ისინი ვალდებულები იქნებიან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს გადასცენ ინფორმაცია აშშ-ში მათი თანამშრომლებისა და უძრავი ქონების შესახებ.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც აშშ-მ ჩინური მედიაორგანიზაციები უცხოეთის აგენტებად ცნო და მათზე დიპლომატიური მისიებისათვის მოქმედი რეგულაციები გაავრცელა.

Xinhua, China Global Television Network, China Radio International და China Daily კომუნისტური სახელმწიფოს აგენტებად და საგარეო მისიებად მიმდინარე წლის 18 თებერვალს გამოცხადდა.

2 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში ჩინეთის მთავარ სახელმწიფო მედიასააგენტოებში მომუშავე ჩინელი პერსონალის რაოდენობაზე ზედა ზღვარი დააწესა.

ამ ქმედებების პასუხად ჩინეთმა 3 ამერიკული გამოცემის ჟურნალისტებს პრესის აკრედიტაცია ჩამოართვა, მათ შორის, The New York Times-ის, Wall Street Journal-ის და Washington Post-ის ჟურნალისტებსაც.

ამერიკელი ჟურნალისტების ნაწილს აკრედიტაციებს ვადა 2020 წელს გასდის. ჩინეთში განაცხადეს, რომ ჟურნალისტებს აკრედიტაციებს აღარ გაუგრძელებენ. მიზეზად დაასახელეს აშშ-ს მიერ ჩინური მედიისათვის დაწესებული შეზღუდვები.

ჩინეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ხსენებულმა სამმა გამოცემამ, ასევე Time-მა და ამერიკის ხმამ წერილობითი ფორმით უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია ჩინეთში მათი თანამშრომლების, ფინანსების, ოპერაციებისა და საკუთრების შესახებ.

ჩინეთი 2019 წლის მედიათავისუფლების ინდექსით 180 ქვეყნიდან 177-ე ადგილს არის და მხოლოდ ერიტრეას, ჩრდილოეთ კორეას და თურქმენეთს უსწრებს.

გასული წლის სექტემბერში ჩინეთში გამოაცხადეს, რომ ჩინეთში პრესბარათის ასაღებად პრეზიდენტისადმი ერთგულების ტესტის ჩაბარება იქნება საჭირო.

კომენტარები