ბაქრაძე: პრინციპული განსხვავებაა პირველ მოსმენასა და მეორე-მესამე მოსმენებს შორის

დავით ბაქრაძე
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს დეპუტატი, დავით ბაქრაძე განმარტავს პარტიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროპული საქართველო საარჩევნო სისტემის ცვლილებას პირველი მოსმენისას მხარს დაუჭერს, შემდეგ მოსმენებზე კი – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება და მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს. 

ბაქრაძის შეფასებით, პრინციპული განსხვავებაა კანონპროექტის პირველ მოსმენასა და მეორე-მესამე მოსმენებს შორის. დეპუტატის თქმით, პირველი განსხვავება ისაა, რომ დღევანდელ მოსმენაზე მკაფიოდ გამოჩნდება, რამდენი ხმაა პარლამენტში და რამდენი ადამიანი აძლევს ხმას პროპორციულ საარჩევნო სისტემას. 

"ანუ სპეკულაცია, რომ მეორე-მესამე მოსმენაზე ხმები არ არის საკმარისი, აღარ გამოვა". – ამბობს ბაქრაძე. 

რაც შეეხება მეორე განსხვავებას, დეპუტატის განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კონსტიტუციის გადასინჯვის დროს, თუკი კანონპროექტი პირველი მოსმენისას ვერ დააგროვებს 113 ხმას, მის ხელახლა განსახილველად კვლავ საერთო სახალხო განხილვის მოწყობაა საჭირო. 

"მეორე და მესამე მოსმენებზე რომც ჩააგდოს ქართულმა ოცნებამ, მეორე დღესვე შეიძლება უკან შემოტანა და ხელახალი განხილვა. ამიტომ, დღეს თუ გადარჩა კანონპროექტი და დღეს თუ არ მივეცით საშუალება, რომ ნოემბრის სცენარი გაიმეორონ, მეორე-მესამე მოსმენაზე უკვე არგუმენტი აღარ ექნება ხელისუფლებას, რატომ ვერ იღებს და რომც ჩავარდეს – რატომ არ აბრუნებს ხელახლა კენჭისყრაზე. გადამწყვეტი არის დღევანდელი კენჭისყრა და ჩვენი არგუმენტი სწორედ ამ ორ მიზეზს ემყარება". – ამბობს ბაქრაძე. 

დეპუტატის განმარტებით, ამით პარტია ასევე იტოვებს დროს მესამე მოსმენამდე, რომ იმ ერთი კვირის განმავლობაში გიორგი რურუას გათავისუფლებაზე იმუშაონ. 

ბაქრაძე ასევე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განსხვავებულ მიდგომას – პარტიამ გადაწყვიტა, რომ მონაწილეობა არც პირველი კენჭისყრის დროს მიიღოს. როგორც დეპუტატი ამბობს, ევროპულ საქართველოს, ისევე, როგორც ნაციონალურ მოძრაობას, აუცილებლად მიაჩნია 8 მარტის შეთანხმების შესრულება. ორივე პარტიას სურს პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღება და გიორგი რურუას გათავისუფლება. 

"ამიტომ, ამ შემთხვევაში ორივე პარტია იქცევა ისე, როგორც მას მიაჩნია სწორ და საუკეთესო გამოსავლად. ჩვენ ამ ვითარებაში სწორ და საუკეთესო გამოსავლად მიგვაჩნია პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა და ამით გამორიცხვა იმ სცენარის, რომ ქართული ოცნება აგდებს პროპორციულ სისტემას, ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება, მაგრამ მათ მოტივაციაში ეჭვი არ გვეპარება და პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას". – ამბობს დავით ბაქრაძე. 

21 ივნისს პარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება, რაც პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციული სიით არჩევას გულისხმობს, 30-ის კი – მაჟორიტარული პრინციპით. 

ცვლილება 8 მარტის ისტორიული შეთანხმების ნაწილია, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაიდო. ეს შეთანხმება ასევე ითვალისწინებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. შეთანხმებაში მოაზრებული სამი პოლიტპატიმრიდან საპატიმროში მხოლოდ მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა რჩება.

კომენტარები