დიღმელაშვილი: 20 ივნისი არის როგორც გლოვის, ისე ზეიმის დღე

"ეს არის როგორც გლოვის დღე იმ სისხლის გამო, რაც ამ მოედანზე დაიღვარა, ასევე არის ზეიმის დღე, რადგან ადამიანები გამოვიდნენ ერთად" - მოძრაობა სირცხვილიას ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა რუსთაველის გამზირზე, გავრილოვის ღამის წლისთავისადმი მიძღვნილ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, გასული წლის 20 ივნისს პარლამენტის წინ იყო არა უბრალოდ ხალხმრავალი აქცია, არამედ მრავალი ინტერესთა ჯგუფის აქცია.

"ისეთი ჯგუფები იდგნენ ამ აქციაზე ერთმანეთის გვერდიგვერდ, რომლებიც სხვა ვითარებაში ასე არ იქცევიან, ეს იყო დიდი ეროვნული კონსოლიდაცია რუსეთის წინააღმდეგ და ეს იყო „გავრილოვის ღამე“, რომელიც სისხლიანად დაარბიეს, იმიტომ, რომ დაემტკიცებინათ რუსეთისთვის, რომ აქ რუსეთის შეურაცხყოფა ისჯება და საჩვენებელი დასჯა მოაწყვეს" - თქვა დიღმელაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ გუშინ შვილი ეყოლა.

"მე ვდგავარ ახლა ასეთი არჩევნის წინაშე, წავიყვანო, ან ვიცხოვრო რუსეთის გუბერნიაში ან ემიგრაციაში? არ მინდა მე ამ არჩევანის გაკეთება და ამიტომ ვდგავარ დღეს აქ და ვიდგებით აქ, სანამ არ განვამტკიცებთ საქართველოს გეზს მისი ისტორიული ოჯახის წიაღში, ეს არის ევროატლანტიკური ოჯახი, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკური კავშირი, არამედ ღირებულებითი კავშირია, იმ ღირებულებების, რომელთანაც ქართული ოცნება შეუთავსებელია" - თქვა დიღმელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით – წყლის ჭავლით, რეზინის და ე. წ. დათვის, წითელი რაკეტისებრი ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ თვალიც დაკარგა. თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალებას გეგმავდნენ. 20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ჩაჯდა.

ყველაფერი 20 ივნისის მოვლენების შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები