სამხრეთ კორეაში გაერთიანების მინისტრი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის გამწვავების ფონზე გადადგა

სამხრეთ კორეაში მინისტრი, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაზეა პასუხისმგებელი, ბოლო დღეებში ორ კორეას შორის დაძაბული ურთიერთობების გამწვავების ფონზე გადადგა. 

სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრმა, კიმ იეონ-ჩულმა, თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა ურთიერთობების გაუარესებაზე. 

"ორ კორეას შორის ურთიერთობაში ბევრი ჭრილობაა და ისინი უფრო ძნელად შეხორცდება, თუ კიდევ ერთ ჭრილობას დაამატებ," - განაცხადა მან გამოსამშვიდობებელ სიტყვაში. 

კორონავირუსთან ბრძოლის ფონზე სამხრეთ კორეის პრემიერმინისტრის, მუნ ჯეი-ინის გაუმჯობესებული რეიტინგი გასულ დღეებში 55%-მდე ჩამოვიდა. 

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. მიზეზი ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთიდან გაგზავნილი პროკლამაციებია. ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულ პირთა ჯგუფები საზღვარზე უშვებენ ბუშტებზე მიბმულ ბროშურებსა და მეხსიერების ბარათებს, რომლებიც სამხრეთკორეულ ფილმებსა და ახალ ამბებს შეიცავს. ჩრდილოეთ კორეაში ამბობენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის საზღვართან მცხოვრებ ადამიანებს.

ჩრდილოეთ კორეაში 16 ივნისს ააფეთქეს ორი კორეის სამოკავშირეო ოფისი.

აფეთქებას წინ უძღოდა ჩრდილოეთ კორეის მუქარა, რომ სამხრეთ კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში ჯარს გაგზავნიდა. კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო-ჯონგმა თქვა, რომ უკვე მისცა არმიას დემილიტარიზებულ ზონაში შესაძლო განთავსებისთვის მზადყოფნის ბრძანება.

მიმდინარე თვის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეაში განაცხადეს, რომ სამხრეთ კორეასთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტენ. მათ შორის გაითიშა ცხელი ხაზი, რომლითაც სამხედრო კომუნიკაციის არხები და ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

კომენტარები