გიორგი გაბუნიას საქმე

EXAMINER: საქართველოს მთავრობა უყრუებს კადიროვის მიერ მისი მოქალაქეების მკვლელობის მცდელობას

cpj.org

ამერიკულ გამოცემა Washington Examiner-ში გიორგი გაბუნიას საქმეზე კიდევ ერთი წერილი გამოქვეყნდა.

"რატომ უყრუებს ყურს საქართველოს მთავრობა კადიროვის მიერ მისი მოქალაქეების მკვლელობის მცდელობას?" - ასე ჰქვია ტომ როგანის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას.

როგანი საუბრობს გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის გეგმაზე საქართველოს მთავრობის რეაგირებაზე.

"თქვენ, შესაძლოა, ფიქრობთ, რომ დემოკრატიული მთავრობა იმედგაცრუებული უნდა იყოს, როდესაც უცხოელი მტერი მისი გამოჩენილი ჟურნალისტის მკვლელობას გეგმავს.

როგორც ჩანს, საქართველოში ეს ასე არ არის.

ძალიან სანდო ბრალდებებზე დაყრდნობით ჩანს, რომ ჩეჩენმა ლიდერმა, რამზან კადიროვმა, შეძლო ჯგუფის მობილიზება ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას მოსაკლავად, თუმცა მთავრობა თბილისში ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა. კადიროვი აქამდეც დამუქრებია გაბუნიას, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა 2019 წლის ივლისში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ ილაპარაკა. თუმცა მიმდინარე კვირას უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ მათ დააკავეს რუსი, რომელიც კავშირში იყო დაგეგმილ მკვლელობასთან. ქართულმა მედიამ დაადასტურა, რომ ამ კაცზე თვალთვალის დაწესება და შემდეგ მისი დაკავება მოხდა უკრაინის მიერ სადაზვერვო სამსახურისთვის გადმოცემული ინფორმაციის შედეგად.

ქართული ოცნების მიერ მართულ მთავრობას დიდად არ ეტყობა შეწუხება. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფაქტობრივად ამბობს, რომ რადგან მას აქვს პასუხისმგებლობა, ამიტომ არაფერი არ უნდა გააკეთოს.

"მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, არანაირი უფლება არ მაქვს, დავადანაშაულო სხვა ქვეყანა, სანამ გამოძიების შედეგებს არ გავიგებთ და არ გვეცოდინება, რა როგორ მოხდა. აქ ძალიან ბევრი საეჭვო კითხვაა".

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ შემოგვთავაზა ვერსია, რომ ეს, შესაძლოა, იყოს ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული სცენარი.

თუ ეს პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ შემრიგებლური პოზიციისათვის კადიროვი (და პუტინი) მადლობას ეტყვიან, მათ სასტიკად გაუცრუვდებათ იმედი. კადიროვი, სავარაუდოდ, არ იზიარებს თბილისის მშვიდ განწყობას.

ტელეგრამთან საუბრისას ჩეჩენმა ლიდერმა კვლავ გაიმეორა მუქარა გაბუნიას მიმართ. "ბატონებო, მერწმუნეთ, - გააფრთხილა განგსტერმა მხედართმთავარმა, - თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი ბრძანებით, ის მას შეასრულებს. ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მითუმეტეს, უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა ამის შესახებ ვერ გაიგებს".

აქ ჩანს შეთქმულების დამარცხებით გამოწვეული შეფარული გაბრაზება. თუმცა შემდეგ მოდის სისხლიანი დავის დაპირება.

"გიორგი გაბუნიას, როგორც აქამდე ვამბობდი, უჯობს, მუხლებზე დაიჩოქოს და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარისათვის. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება ამ მოქალაქის ხელახლა აღზრდა. ვურჩევ მას, სწორი დასკვნები გამოიტანოს და გონს მოეგოს, თორემ, ვიმეორებ, ჩემს მტრად დარჩება".

თარგმანი: გაბუნიამ კადიროვს სიცოცხლე უნდა შესთხოვოს, ან გამოემშვიდობოს მას.

თუმცა მხოლოდ გაბუნია არ გამხდარა კადიროვის სამიზნე. ჩეჩენი კატის მოყვარული ქართულ მთავრობასაც გადასწვდა. ცეცხლის ქვეშ მოხვდა უკრაინაც, რომელმაც, სავარაუდოდ, საქართველო გააფრთხილა დაგეგმილი მკვლელობის შესახებ.

"რაც შეეხება უკრაინას, რომელიც აძლევდა ინფორმაციას მკვლელობის შემკვეთის შესახებ. გირჩევთ, უფრო სერიოზულად მოიქცეთ სამომავლოდ და არ მოიქცეთ საზოგადოების გასართობად. ასეთი ამბავი, მინიმუმ, მტკიცებულებით... მე უნდა მიმადლოდეთ ამ პიარს. დაიმახსოვრეთ ეს! დრო მოვა და ჩვენ გავასწორებთ ანგარიშებს. ყველანაირი გაგებით!"

კადიროვი ნამდვილად არ აპირებს შეცდომისთვის ბოდიშის მოხდას.

მიუხედავად ამისა, ვითარება ძალიან სამწუხაროა. მკვლელისთვის ქედის მოხრით საქართველო ახალისებს მომავალში აგრესიას ამავე მკვლელისა და პუტინისგან. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკვე იკავებს საქართველოს მნიშვნელოვან ტერიტორიებს, ეს დაშოშმინების სტრატეგია, რბილად რომ ვთქვათ, ჭკვიანური არ არის. ერთადერთი ენა, რომელიც კადიროვს ესმის, გამბედაობაა.

ამერიკის კონგრესმა უნდა გამოარკვიოს ამ საქმეში არსებული ფაქტები და, თუკი ისინი მივლენ კადიროვის მიერ დაგეგმილ მკვლელობამდე, კონგრესმა ჩეჩენ ლიდერს მეტი სანქცია უნდა დაუწესოს", - წერს ტომ როგანი.

ტომ როგანმა გიორგი გაბუანიას საქმეზე ერთი წერილი მანამდეც გამოაქვეყნა, სათაურით "თუ საქართველოში შეკვეთილი მკვლელობის სცენარი დადასტურდა, აშშ-მ რამზან კადიროვს დამატებითი სანქციები უნდა დაუწესოს".

ჟურნალისტი საქართველოს შესახებ სხვა სტატიების ავტორიცაა. 2019 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ საპროტესტო აქციები რამდენჯერმე დაშალა წყლის ჭავლით, მან აშშ-ს ხელისუფლებას მოუწოდა, "დახმარებოდნენ ქართველებს მთავრობის ღალატთან გამკლავებაში".

ასევე, იმავე გამოცემაში მან გამოაქვეყნა წერილი და ბიძინა ივანიშვილს პუტინის ლაქია და პუტინის მიმბაძველი უწოდა.

კომენტარები