ბრიტანეთში Covid-19-ით მწვავედ დაავადებულ პაციენტებს დღეიდან დექსამეტაზონს მისცემენ - BBC

Oxford-ის კვლევის შედეგების შემდეგ, რომელიც ბრიტანეთის მასშტაბით ჩატარდა, დღიდან, 17 ივნისიდან, ახალი კორონავირუსით მწვავედ დაავადებულ პაციენტებს დექსამეტაზონს მისცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, დექსამეტაზონმა ხელოვნურ სასუნთქ აპარატზე მყოფი პირების გარდაცვალების რისკი 1/3-ით, ხოლო ჟანგბადზე მყოფი პირების – 1/5-ით შეამცირა.

ბრიტანეთის მედიცინის ოთხმა მთავარმა ოფიციალურმა პირმა ბრიტანეთის სახელემწიფო ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი ცენტრის (NHS) ექიმებს სასწრაფო წერილი გაუგზავნა, რითაც მათ ამცნეს, რომ დექსამეტაზონს ახალი კორონავირუსით დაავადებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების მართვაში "მკაფიო ადგილი" უჭირავს.

ამჟამად, გაერთიანებულ სამეფოს წამლის საკმარისი მარაგი აქვს. ბრიტანეთის ჯანმრთელობის მდივნის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ქვეყანაში დექსამეტაზონის 240 000 დოზა არის.

"ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც კლინიკურად დაამტკიცეს, რომ წამალს შეუძლია ახალი კორონავირუსით ყველაზე მწვავედ დაავადებული პაციენტების გადარჩენის შანსები გააუმჯობესოს". – განაცხადა ჰენკოკმა პარლამენტში გამოსვლისას. 

მედიცინის საკითხებზე ბრიტანეთის მთავრობის მრჩევლემა, კრის უიტმა კომენტარი გააკეთა ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე და განაცხადა, რომ ამ დრომდე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცდის შედეგია Covid-19-ისთვის.

მკვლევრები აცხადებენ, რომ დიდ ბრიტანეთში წამალი პანდემიის დაწყებისთანავე რომ გამოეყენებინათ, სავარაუდოდ, 5 000-მდე სიცოცხლე გადარჩებოდა.

20-დან დაახლოებით 19 პაციენტი ახალი კორონავირუსისგან ისე გამოჯანმრთელდება, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია არ არის საჭირო. ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა უმეტესობა გამოჯანმრთელდება, თუმცა ნაწილს, შესაძლოა ხელოვნური სუნთქვა, ან ჟანგბადზე შეერთება დასჭირდეს. როგორც ჩანს, სწორედ ამ მაღალი რისკის პაციენტებს შველის დექსამეტაზონი. 

წამალს სხვადასხვა ანთების სამკურნალოდ იყენებენ. როგორც ირკვევა, წამალი ზოგიერთ იმ დაზიანებას შველის, რაც კორონავირუსთან ბრძოლაში სხეულის ზედმეტი გადატვირთვის შედეგად შესაძლოა წარმოიშვას.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ცდაში დაახლოებით 2 000 პაციენტი იღებდა მონაწილეობას. ამ პაციენტებს დექსამეატაზონი მისცეს და ისინი შეადარეს სხვა 4 000 პაციენტს, რომელთაც დექსამეტაზონი არ მიუღიათ.

სასუნთქ აპარატზე მყოფი პაციენტების გარდაცვალების რისკი 40%-დან 28%-მდე შემცირდა. იმ პაციენტთა სიკვდილის მაჩვენებელი კი, რომლებსაც ჟანგბადი ესაჭიროებოდათ, 25%-დან 20%-მდე.

მთავარი მკვლევარი, პროფესორი პიტერ ჰორბი ამბობს, რომ ამ დროისთვის, დექსამეტაზონი ერთადერთი წამალია, რომელიც სიკვდილიანობის შემცირებას აჩვენებს "და მნიშვნელოვნად ამცირებს. ეს მნიშვნელოვანი გარღვევაა".

წამყვანმა მკვლევარმა, პროფესორმა მარტინ ლანდრეიმ განაცხადა, რომ კვლევის მიგნებით, მკურნალობით სასუნთქ აპარატზე მყოფი ყოველი 8 პაციენტიდან – ერთი და ჟანგბადზე შეერთებული დაახლოებით 25 პაციენტიდან – ერთის გარდაცვალების თავიდან არიდება შეიძლება.

მისი თქმით, წამლით მკურნალობა 10 დღემდე გრძელდება და ერთი პაციენტისთვის მისი ღირებულება 5 ფუნტამდე ჯდება.

დექსამეტაზონი არ შველის ახალი კორონავირუსით დაავადებულ არამწვავე სიმპტომების მქონე პირებს, რომლებსაც სუნთქვის პრობლემა არ აქვთ.

კომენტარები