Facebook

Facebook-ის მომხმარებლებს ფასიანი პოლიტიკური რეკლამების გათიშვა შეეძლებათ

Reuters

Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ზაკერბერგმა თქვა, რომ მომხმარებლებს შეეძლებათ ფასიანი პოლიტიკური რეკლამები გათიშონ. მსგავსი ფუნქცია ექნება Instagram-საც.

"გვესმის მათი, ვინც უკვე მიიღო გადაწყვეტილება და უბრალოდ სურს, არჩევნები მალე დასრულდეს. ამიტომ ვამატებთ ახალ ფუნქციას, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ პოლიტიკური რეკლამები გათიშოთ". – წერს ის USA Today-ში გამოქვეყნებულ წერილში.

ზაკერბერგი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ შეძლებენ დაარწმუნონ მილიონობით ამერიკელი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

"ხმის მიცემა დემოკრატიის ყველაზე მძლავრი გამოხატულებაა. ყველაზე კარგი გზაა, პასუხი მოსთხოვო ლიდერებს და გადაჭრა ის პრობლემები, რაც ქვეყანაშია. მჯერა, რომ Facebook-ის ფუნქცია არა მხოლოდ ამომრჩევლებზე ზეწოლის თავიდან აცილებაა, რომელიც არაპროპორციულად იღებს მიზანში ფერადკანიან ადამიანებს, არამედ კარგად ინფორმირებული ამომრჩევლების ჩართულობა, რეგისტრაცია და არჩევნებში მონაწილეობაც". – წერს ის.

ინიციატივის ფარგლებში Facebook-ის და Instagram-ის ამერიკელ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ფუნქციით "საინფორმაციო ცენტრი", სადაც იქნება ინფორმაცია არჩევნებში რეგისტრაციასა და ფოსტის საშუალებით ხმის მიცემაზე.

ფასიანი პოლიტიკური რეკლამების გათიშვის ფუნქციით სარგებლობა მომდევნო კვირებში ყველა ამერიკელს შეეძლება, შემოდგომიდან კი მას სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც შესთავაზებენ.

სიცრუის შემცველი პოლიტიკური რეკლამების აკრძალვაზე უარის გამო Facebook-ი არაერთხელ გააკრიტიკეს.

Twitter-ზე პოლიტიკური რეკლამები გასული წლის ოქტომბერში აიკრძალა.

კომენტარები