გიორგი გაბუნიას საქმე

"ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას" - გაბუნიას საქმეზე რუსეთი არც პრემიერმა ახსენა

"ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო, კორპორატიული ინტერესებიდან, სამწუხაროდ, ეს ფაქტია და ასე ხდება". – ასე შეაფასა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთით მკვლელობის მომზადების საქმე და აღნიშნა, რომ სუს-მა ქვეყანაში უმძიმესი დანაშაული აღკვეთა. მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას მოკვლას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქე ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შეკვეთით გეგმავდა, თუმცა, პრემიერს, ისევე როგორც პრეზიდენტს, ამ თემაზე საუბრისას რუსეთი არ უხსენებია. 

"რა თქმა უნდა, მთავრობის თითოეული წევრის და განსაკუთრებით სამართალდამცველების ვალია, ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაულები იყოს მაქსიმალურად, შესაძლებლად სწრაფ დროში გამოძიებული. შესაბამისად, ეს ინფორმაცია ღიად, აბსოლუტურად ტრანსფარენტულად მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს. ეს უკიდურესი მნიშვნელობის საკითხია განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრად უფრო მარტივ შემთხვევებსაც მოჰყვება ჩვენთან უამრავი პოლიტიკური სპეკულაცია და პოლიტიკური შლეიფი.

გასაგებია, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური პროცესი და ტემპერატურა იწევს, ყველა შეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო, კორპორატიული ინტერესებიდან, სამწუხაროდ, ეს ფაქტია და ასე ხდება". – თქვა გიორგი გახარიამ პირველი არხის ეთერში.

პრემიერის შეფასებით, "თითოეულმა ჩვენმა სიტყვამ, ქმედებამ, შეფასებამ", შესაძლებელია, ზიანი მოაყენოს გამოძიებას.

"ჩვენი ძირითადი ამოცანაა, გვქონდეს სრულფასოვანი სურათი – რა მოხდა და რა აღკვეთა ჩვენმა სამართალდამცავმა სისტემამ.

ამიტომ, ჩვენ ახლა ცოტა უნდა დავმშვიდდეთ და მივცეთ სამართალდამცავ სისტემას საშუალება, სრულყოფილად გამოიძიოს უსწრაფეს დროში და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვცეს. ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, გავაკეთოთ შეფასებები. სხვა ყველაფერი, რაც ახლა ფართოდ ისმის და ყველაფერს, სამწუხაროდ, პოლიტიკური იერსახე დასდევს მაშინ, როცა აღკვეთილია მძიმე დანაშაული და არ არის ბოლომდე დასრულებული გამოძიება, უნდა გვეყოს მოთმინება, უნდა დაველოდოთ და ყველა სახის განცხადება უნდა გავაკეთოთ შემდგომ". – თქვა გიორგი გახარიამ პირველი არხის ეთერში.

2019 წლის ივლისში რუსთავი 2-ის მაშინდელმა წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. გაბუნია ასევე დაგმო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. 

მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს". 

2020 წლის 15 ივნისს ტელეკომპანია ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. 

იმავე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და თქვა, რომ ამ კაცს გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა. 

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა. 

კომენტარები