შსს: დავაკავეთ 54 წლის კაცი, რომელიც 12 წლის გოგოს გარყვნილ შეტყობინებებს 2 წელი უგზავნიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის 1966 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ. მისი შვილის სახელით დარეგისტრირებული სოციალური ქსელების - FACEBOOK-ის და ВКонтакте-ს საშუალებით სისტემატიურად უკავშირდებოდა უცხოეთში მცხოვრებ 12 წლის გოგონას და გარყვნილი ხასიათის  შეტყობინებებს, ვიდეო და ფოტო მასალას უგზავნიდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კაცი სექსუალური ცხოვრების შესახებ 12 წლის გოგონას 2 წლის განმავლობაში წერდა. 

სამართალდამცველებმა ი.ბ თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ტელეფონები და კომპიუტერები, სადაც ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებებია. 

გამოძიება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები