ჯანდაცვა

ჭიაბერაშვილი: ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო სექტორის პროკურორიც ხდება და მოსამართლეც

facebook/zurab tchiaberashvili

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა მთავრობის მიერ ჯანდაცვის სისტემაში მომზადებულ ცვლილებათა პაკეტზე.

მისი თქმით, ცვლილებების შედეგად, ჯანდაცვის სამინისტრო "სამედიცინო სექტორის მოსამართლეც იქნება და პროკურორიც" და "სექტორი სამართალს ვერსად იპოვის".

"წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს, რომელიც გულისხმობს მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილების ზრდას, ბაზარზე დაშვების პირობების გართულებას, სამედიცინო საქმიანობის კონტროლისას სასამართლოს როლის შემცირებასა და რიგ დარღვევებზე ჯარიმების ზრდას, ჭიაბერაშვილი უწოდებს 520-ე დადგენილების ლოგიკურ გაგრძელებას.

მისი თქმით, ამგვარი ცვლილებები "კიდევ უფრო გააღრმავებს ფინანსურ პრობლემებს ჯანდაცვის სისტემაში, აუცილებლად გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების გაკოტრება-დახურვა-შერწყმას, სამედიცინო პერსონალის უმუშევრობას და/ან შემოსავლის შემცირებას, გაზრდის კორუფციის რისკს მაკონტროლებელ ორგანოებში. ეს ყველაფერი გადატყდება პაციენტზე, მის ჯანმრთელობასა და ჯიბეზე".

ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსაზრებით, შემაშფოთებელია, როცა სამედიცინო სექტორში 520-ე დადგენილებით მიყენებულ ზარალზე საუბრობენ, მთავრობა კი "დასჯის ახალ მექანიზმებს ქმნის" პანდემიის პირობებში.

დეპუტატს მიჩნია, რომ მთავრობა მძიმე მდგომარეობაში 2013 წელს თავის მიერვე შემოღებულმა დაფინანსების მოდელმა მიიყვანა.

ჭიაბერაშვილის თანახმად, გამოსავალი სადაზღვევო მოდელზე დაბრუნებაა, "რომელიც ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს მათთვის სამართლიან კონკურენციას, პაციენტებისათვის კი – ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას".

2019 წლის 21 ნოემბერს ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე ყველა კლინიკას თავად დაუდგინა გათანაბრებული ტარიფები გარკვეულ მომსახურებებზე.

უმეტეს შემთხვევებში, სამინისტროს მიერ დაწესებული ტარიფები მანამდე არსებულ საშუალო ტარიფზე ნაკლებია.

მთავრობის მიერ მიღებულმა დადგენილებამ სამედიცინო სფეროდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. კლინიკების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სამინისტროს მიერ დაწესებული ტარიფები ჩამოუვარდებოდა მომსახურების ღირებულებას, არ ითვალისწინებდა ვალუტის კურსის ცვლილებასა და აპარატურის ხარჯებს.

კომენტარები