აშშ-რუსეთი

რუსეთში ყოფილ ამერიკელ სამხედროს შრომით-გამასწორებელ კოლონიაში 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

AFP

რუსეთში ყოფილ ამერიკელ სამხედროს, პოლ ველანს შრომით-გამასწორებელ კოლონიაში 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ველანი მოსკოვის ერთერთ სასტუმროში 18 თვის წინ დააკავეს, როდესაც ქორწილში მიდიოდა. მას თან ჰქონდა მეხსიერების ბარათი, რომელზეც, რუსეთის პროკურატურის თქმით, სახელმწიფო საიდუმლოებები იყო ჩაწერილი. თავად ველანი ამბობს, რომ ბარათზე საკუთარი ფოტოები ჰქონდა.

მოსკოვის სასამართლომ ის საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებასა და აშშ-სათვის ჯაშუშობაში ცნო დამნაშავედ.

ველანს აშშ-ის გარდა დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ირლანდიის მოქალაქეობა აქვს. ის დახურულ სასამართლო პროცესს ფარსს უწოდებს და ამბობს, რომ მისი უფლებები ირღვევა. ველანის ოჯახი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

განაჩენი ადამიანის უფლებების დარღვევად შეაფასა რუსეთში აშშ-ის ელჩმა და თქვა, რომ ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო დააზიანებს.

"მას არ მისცეს მოწმეების გამოძახების უფლება თავის დასაცავად, მას არ აძლევდნენ უფლებადამცველებთან თანამშრომლობის საშუალებას. ეს სამართლის დაცინვაა, ყოველ შემთხვევაში, ამერიკული სტანდარტებით". – თქვა ჯონ სალივანმა.

ველანის ადვოკატს მიაჩნია, რომ მოსკოვს აშშ-სთან პატიმრების გაცვლა სურს და მის დაკავებას ამისათვის იყენებს. ოფიციალური მოსკოვი აშშ-საგან რუსეთის ორი მოქალაქის, ვიკტორ ბუტისა და კონსტანტინ იაროშენკოს გათავისუფლებას ითხოვს. ბუტს ბრალი იარაღით უკანონო ვაჭრობაში, ხოლო იაროშენკოს – კოკაინის კონტრაბანდაში ედება.

კომენტარები