დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთში თვითიდენტიფიკაციის საფუძველზე დოკუმენტებში სქესის შეცვლა დაშვებული არ იქნება

The Sunday Times-მა მოიპოვა მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის დეტალები, რომლის მიხედვითაც თვითიდენტიფიკაციის საფუძველზე ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის შეცვლა დაშვებული არ იქნება.

ტერეზა მეის მთავრობა ამზადებდა გეგმას, რომლითაც ტრანსგენდერებს საშუალება ექნებოდათ დაბადების სქესი ოფიციალურ დოკუმენტებში სამედიცინო დიაგნოზის გარეშე, თვითიდენტიფიკაციის საფუძველზე შეეცვალათ, თუმცა, ახალი გეგმის მიხედვით, ბორის ჯონსონის მთავრობა ამის შეცვლას აპირებს.

ასევე აიკრძალება ჰომოსექსუალთა მკურნალობის თერაპიები და შემოვა ახალი რეგულაციები, რომლებიც დაიცავს მხოლოდ მდედრობითი სქესის პირებისათვის განკუთვნილ სივრცეებს, მათ შორის თავშესაფრებსა და საჯარო საპირფარეშოებს.

გამოცემის მიხედვით გეგმა მზადაა და თანასწორობის მინისტრი ლიზ თრასი მას პარლამენტს ივლისში წარუდგენს.

მთავრობაში ამბობენ, რომ დეტალები, შესაძლოა, პრემიერმინისტრის რეკომენდაციის საფუძველზე შეიცვალოს.

The Sunday Times-ის მიხედვით, საზოგადოებასთან კონსულტაციის ფარგლებში 100 000-მდე ადამიანი გამოიკითხა და მათი 70% მხარს უჭერდა თვითიდენტიფიკაციის საფუძველზე დოკუმენტებში სქესის შეცვლის დაშვებას.

ბრიტანული მედია კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიციალური პირები ამ შედეგებს ტრანსგენდერთა უფლებების დაცვის ჯგუფების მიერ მობილიზებული აქტივობით ხსნიან.

კომენტარები