ავსტრალია - ჩინეთი

ჩინეთში დაპატიმრებულ ავსტრალიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა ელის

Reuters

13 ივნისს პეკინის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ავსტრალიის მოქალაქეს ჩინეთში სიკვდილის დასჯის განაჩენი გამოუტანეს. ეს გადაწყვეტილება ავსტრალიასა და ჩინეთს შორის დაძაბულ ურთიერთობას, სავარაუდოდ, უფრო გაამწვავებს.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ დაპატიმრებულ მამაკაცს საკონსულო დახმარება გაეწევა.

ავსტრალიური და ჩინური მედიის ინფორმაციით, მამაკაცი კემ გილესპია, რომელიც 7 წლის წინ სამხრეთ ჩინეთში ნარკოტიკების ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს.

"მის საქმეზე ამ განაჩენის გაგებამ ძალიან დაგვამწუხრა. ავსტრალია სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში, ნებისმიერ გარემოებებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ სასიკვდილო განაჩენის საყოველთაოდ გაუქმებას და მზად ვართ, ამ მიზნის მისაღწევად ყველა ხელმისაწვდომი გზა გამოვიყენოთ". – აცხადებენ ავსტრალიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

2013 წელს კუანგჭოუს პაი'იუნის აეროპორტში, საიდანაც კემ გილესპი საზღვარგარეთ გამგზავრებას აპირებდა, მის ჩანთაში 7.5 კილოგრამი მეტამფეტამინი აღმოაჩინეს.

ჩინეთში ნარკოტიკების გადაზიდვის გამო სიკვდილით დასჯა იშვიათი არ არის.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, მას შემდეგ, რაც Huawei-ს დამფუძნებლის ქალიშვილი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მენგ ვანჭოუ, კანადაში დააკავეს, ჩინეთმა კანადის ორ მოქალაქეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიასა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ავსტრალიამ კორონავირუსის გავრცელების წყაროს შესახებ საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა, რამაც პეკინის აღშფოთება გამოიწვია.

გასულ თვეს ჩინეთმა ავსტრალიიდან საქონლის ხორცის იმპორტი აკრძალა და ავსტრალიურ ქერზე ტარიფები დააწესა. 

გასულ კვირას პეკინმა ჩინელ ტურისტებს მოუწოდა, რომ ავსტრალიაში გამგზავრებისგან თავი შეეკავებინათ. 9 ივნისს ჩინეთის განათლების სამინისტრომ ჩინელი სტუდენტებისთვის მსგავსი გაფრთხილება გამოსცა ავსტრალიაში სწავლის შესახებ. ორივე შემთხვევაში, გაფრთხილებების მოტივაციაზე საუბრისას, პეკინმა მოიმიზეზა, რომ პანდემიის დროს აზიელებს რასისტული მოტივით ესხმიან თავს. 

ავსტრალიის მთავრობა უარყოფს ბრალდებას, რომ ავსტრალიაში ვიზიტი ან სწავლა მათთვის სახიფათოა.

ჩინეთი ავსტრალიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ორმხრივი ვაჭრობის ღირებულება წლიურად 235 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისკონმა განაცხადა, რომ ზეწოლის გამო ავსტრალიის ღირებულებებზე არ ივაჭრებენ.

კომენტარები