უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა

უკრაინის ელჩი: სააკაშვილი უკრაინაში ოფიციალური პირი არაა, ის ქართველია

pia.ge

"უკრაინის პოზიცია ამ საკითხზე ისაა, რომ სააკაშვილი არაა ოფიციალური პირი უკრაინაში, ის არაა აღმასრულებელი შტოს ნაწილი, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას", - ამბობს საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დატოვების შემდეგ.

უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში სწორედ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადების შემდეგ დაიბარეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიხეილ სააკაშვილის განცხადება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად გამოაცხადა, რის შემდეგაც უკრაინის ელჩი უწყებაში ამ საკითხის განსახილველად დაიბარა.

"საქართველო მისი [სააკაშვილის] ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, არა მხოლოდ წარსული პოლიტიკური, არამედ ახლაც, საქართველო სულ მის გულშია. ერთმანეთთან სასაუბროდ სპეციალური ნოტები არ გვჭირდება, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ. სატელეფონო ზარი საკმარისია, ან შეხვედრა, თუ საჭიროა. სააკაშვილის საკითხი დღის წესრიგში არის". – ამბობს იგორ დოლგოვი. [თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს]

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა, რომ იგი საქართველოში მიმდინარე პროცესებში აქტიურად აპირებს მონაწილეობა მიიღოს. თუმცა, ამავდროულად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გასულ თვეში ამბობდა, რომ მას "ფიზიკურად არ აქვს დრო, საქართველოს ამბებს მიხედოს".

კომენტარები