მთავრობის ეკონომიკური მრჩევლები

"თავისუფალი ვაჭრობა ყინავს ეკონომიკის არსებულ სექტორებს" - ვინაა მთავრობის ახალი მრჩეველი

University of Cambridge

4 ივნისის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა პოსტკრიზისული ეკონომიკის აღდგენის გეგმაზე მუშაობს, რაშიც უცხოელი მეცნიერები და ანალიტიკოსები არიან ჩართულნი.

როგორც გახარიამ თქვა, ეს იქნება "ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოკლევადიანი, საშუალოვანი და გრძელვადიანი სტრატეგია", რომელიც "მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, პოსტპანდემიურ ეკონომიკაში [...] გლობალურ კონკურენციაში იყოს მაქსიმალურად მომზადებული და ეფექტური“.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 4 ივნისს გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაში ჩართულია სამი უცხოელი ეკონომისტი – ჰა-ჯუნ ჩანგი, კრისტოფერ კრამერი და ჯონათან დი ჯონი.

ამათგან ერთერთმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის სამხრეთ კორეელმა ლექტორმა ჰა-ჯუნ ჩანგმა 2019 წელს საქართველოს პირველი არხს მისცა ინტერვიუ, სადაც ეკონომიკური განვითარების მისეულ ხედვებზე ისაუბრა.

ჩანგი ინტერვიუში აკრიტიკებს, როგორც თავად უწოდებს, "დომინანტურ ეკონომიკურ თეორიას" და ამბობს, რომ "ზოგიერთ ქვეყანაში სწამთ, რომ რაც უფრო დაბალია გადასახადები, მით უკეთესი". სანაცვლოდ, მისი თქმით, "დებატები იმაზე კი არ უნდა იყოს, თუ რამხელაა გადასახადი, არამედ იმაზე, თუ როგორ დაიხარჯოს ეს გადასახადი."

"თუმცა, ეკონომიკური თეორია გვასწავლის, რომ დაბალი გადასახადები კარგია და ადამიანებს არც უჩნდებათ კითხვები იმ შესაძლებლობების შესახებ, რომ, თუ გადასახადებს გავზრდით და შემდეგ ამოღებული თანხით უკეთეს სახელმწიფო სერვისებს შევქმნით, ეკონომიკამ, შესაძლოა, უკეთ იმუშაოს", – ამბობს ჩანგი.

ინდუსტრიულ და სავაჭრო პოლიტიკაზე საუბრისას ჰა-ჯუნ ჩანგი იცავს პროტექციონისტულ მიდგომებს და ამბობს, რომ "კაპიტალიზმის ისტორიაში თითქმის ყველა ქვეყანამ, რომელიც განვითარდა, ეს მოახერხა სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით".

მისი თქმით, მე-20 საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ მთავრობებისთვის რთული გახდა საკუთარი წარმოების დაცვა, თუმცა, მათ ჯერ კიდევ შერჩათ ისეთი ბერკეტები, როგორიც სოფლის მეურნეობის სუბსიდირება და ტარიფებია:

"კვლავ არსებობს გარკვეული პოლიტიკური მექანიზმები, რომლებიც შეიძლება, გამოვიყენოთ ეკონომიკური განვითარებისთვის. მაგალითად, შესაძლებელია, სასოფლო სამეურნეო სუბსიდიების შენარჩუნება".

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ჩანგი თავისუფალ ვაჭრობასაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ "თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, ფაქტობრივად, ყინავს ეკონომიკის უკვე არსებულ სექტორებს".

ჩანგის თანახმად, როცა ღარიბი ქვეყანა მდიდარ სახელმწიფოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას აწერს ხელს, ამგვარად ამბობს, რომ აპირებს, დარჩეს "დაბალტექნოლოგიური პროდუქტების მწარმოებელი ქვეყანა".

"თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების მხრივ პრობლემა იმაშია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ისინი მოგიტანენ გარკვეულ სარგებელს ბაზრის ზრდის საშუალებით, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ხშირად რთულსა და შეუძლებელს ხდის ზედატექნოლოგიურ საფეხურზე აიყვანოთ ეკონომიკა, რადგან ამ ხელშეკრულებებზე ხელმოწერით თქვენ უარს ამბობთ, დაიცვათ და ხელი შეუწყოთ თქვენს ინდუსტრიებს".

რაც შეეხება კრისტოფერ კრამერსა და ჯონათან დი ჯონს, ორივე მათგანი ეკონომიკის პროფესორია ლონდონის აღმოსავლეთისა და აფრიკისმცოდნეობის სკოლაში, სადაც განვითარების პოლიტიკის კვლევაზე არიან კონცენტრირებულნი.

როგორც პრემიერ-მინისტრი გახარია ამბობს, მთავრობას ივლისის დასაწყისისთვის უკვე ექნება გეგმის მონახაზი, შემდეგი ერთი თვის განმავლობაში კი ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად გეგმას საბოლოო სახე მიეცემა.

კომენტარები