ბიძინა ივანიშვილი

ქანთარია კონგრესმენებზე: თითქოს ვინმემ ეს დოკუმენტი მოიპარა და ბიძინა ივანიშვილი მიაწერა

პარლამენტი

"რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ეს დოკუმენტი ვინმემ მოიპარა და გვარი-სახელი ბიძინა ივანიშვილი მიაწერა" - ასე შეაფასა ქართული ოცნების დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკური პარტიის სამუშაო ჯგუფის ანგარიში. მისი აზრით, "აბსოლუტურად სულ სხვა კონტექსტში უცბად არის ეს გვარი". 

"არ ვიცი, მე-13 კონგრესმენმა [გააკეთა ეს], მე-12-მ თუ მე-5-მ, მაგრამ აბსოლუტურად სულ სხვა კონტექსტში უცბად არის ეს გვარი, რაღაც ასეთი შთაბეჭდილება რჩება კაცზე, რომელსაც აუწონავი სიკეთე აქვს გაკეთებული" - თქვა ქანთარიამ TV პირველის ეთერში და აღნიშნა, რომ "ასეთი მჭიდრო კავშირი, როგორიც დღეს არის ამერიკასთან, არასდროს არ ყოფილა".

"ერთადერთი დანაშაული კრემლთან რაც მას [ბიძინა ივანიშვილს] აქვს ჩადენილი, ის არის, რომ ამ ხნის განმავლობაში არ მოხდა ომის პროვოცირება და შენარჩუნებულ იქნა მშვიდობა, თუ ამის ინტერპრეტაცია ხდება, ეს ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია" - ამბობს ქანთარია.

რესპუბლიკური პარტიის სამუშაო ჯგუფი Republican Study Committee-ის (RSC) 147 კონგრესმენისგან შედგება. ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადებები ყოველი მათგანის პოზიციას გამოხატავს.

ანგარიშში, რომელიც ჯგუფმა გუშინ, 10 ივნისს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ აშშ-მ უნდა გაზარდოს სანქცირებულ ადამიანთა სია, რომელშიც, თავის მხრივ, უნდა შევიდნენ ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. მათ შორის ასეთ ადამიანად მოხსენიებულია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

უფრო კონკრეტულად, რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა" და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული, შესამისად, საჭიროა სანქციების დაწესება.

ანგარიშს ხელს აწერს 13 კონგრესმენი: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, ქლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ უოლტზი. ეს ნიშნავს, რომ ტექსტის მომზადებაზე უშუალოდ ეს კონგრესმენები მუშაობდნენ, თუმცა, მის შინაარსს 147 კონგრესმენი იზიარებს.

კომენტარები