კორონავირუსი საქართველოში

ოხანაშვილი: თუ დეპუტატი დაარღვევს პირბადის ტარების წესს, გამოვიძახოთ პატრული და დაჯარიმდეს

მე საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, კოლეგებო, რომ არავითარი გამონაკლისი არ დაუშვას პარლამენტის არცერთი წევრისთვის. პირიქით, მოვუწოდებ იმასაც, რომ, თუ პარლამენტის წევრთაგან რომელიმე დაარღვევს პირბადის ტარების წესს,  თითოეული მათგანი დაჯარიმდეს.

თქვენი ამ სულისკვეთებიდან, რაც აქ მოვისმინე, მგონია, რომ ეს მოწოდება უნდა გავაკეთოთ. თუ მიერთდებით, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, არანაირი გამონაკლისი არ დაუშვას პარლამენტის წევრებისთვის, განსაკუთრებით ოპოზიციიდან (ხუმრობით, რა თქმა უნდა).

შესაბამისად, თუ დაფიქსირდება პირბადის ტარების წესის დარღვევა, აი, აქ, დახურულ საჯარო სივრცეში, გამოვიძახოთ პატრული. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ იმის შესაძლებლობა, რომ ამის შესახებ შესაბამის ორგანოს შევატყობინოთ, ამ შემთხევაში, საპატრულო პოლიციას და მან პარლამენტის წევრები დააჯარიმოს. 

მგონი, ამაში ერთიანი ვართ. თუ რაიმე სხვა საწინააღმდეგო პოზიცია გაქვთ, სიამოვნებით მოგისმენთ. ჩვენ ყველა თანაბარ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ

თქვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც პირბადის გარეშე დახურულ საჯარო ადგილებში შესვლის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 20 ლარით უნდა დაჯარიმდეს, ხოლო იურიდიული პირი, რომელიც ადამიანს შენობაში პირბადის გარეშე შეუშვებს - 500 ლარით.

კომენტარები