ბიძინა ივანიშვილი

კობახიძე კონგრესის რესპუბლიკური პარტიის სამუშაო ჯგუფის ანგარიშს დაბალი რანგის დოკუმენტს უწოდებს

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკური პარტიის სამუშაო ჯგუფის ანგარიშს “დაბალი რანგის“ დოკუმენტს უწოდებს.

ამასთან, მისი აზრით, ტექსტში ბიძინა ივანიშვილის მიმართ კრიტიკული ფრაზები “ნაციონალური მოძრაობის ფულის" გამო მოხვდა.

"ასეთი ფრაზები ასეთი დაბალი რანგის დოკუმენტებში იმ ფულის დამსახურებაა, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ჯერ ხალხის ხარჯზე, კორუფციის ხარჯზე მოიპოვა და შემდეგ კონკრეტულ ლობისტებს გადაუხადა. რამდენიმე თვის წინ სკანდალური ინფორმაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მოძრაობისგან IRI-ის ბორდის ვიცეპრეზიდენტს ფული აქვს აღებული და ბუნებრივია, ასეთი თანხები თავის შედეგს იძლევა, მაგრამ ეს შედეგი ვერ იქნება დიდი. ასეთი რანგის დოკუმენტებში, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებში, შეიძლება მოხვდეს ასეთი ფრაზები. 

თუმცა, მთავარია ინსტიტუტების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება აისახა მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებაში. დაახლოებით 2 კვირის წინ მან განაცხადა, რომ ქართულ - ამერიკული ურთიერთობები არასდროს არ ყოფილა ისეთ მაღალ დონეზე აყვანილი, როგორც დღესაა. ეს ნათელს ჰფენს ყველაფერს, დანარჩენი ლობისტების დამსახურებით ჩაწერილი ფრაზებია საკმაოდ დაბალი რანგის დოკუმენტში, რომელიც გუშინ იყო წარმოდგენილი. ბუნებრივია, ეს ვერ გააფუჭებს და ვერანაირ ხინჯს ვერ შეიტანს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში".

რესპუბლიკური პარტიის სამუშაო ჯგუფი Republican Study Committee-ის (RSC) 147 კონგრესმენისგან შედგება. ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადებები ყველა მათგანის პოზიციას გამოხატავს.

ანგარიშში, რომელიც ჯგუფმა გუშინ, 10 ივნისს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ აშშ-მ უნდა გააფროთოოს სანქცირებული ადამიანის სია, რომელმაც, თავის მხრივ, უნდა მოიცვას ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. მათ შორის ასეთ ადამიანად ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული.

უფრო კონკრეტულად, რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული, შესამისად, საჭიროა სანქიცების დაწესება.

ანგარიშს ხელს აწერს 13 კონგრესმენი: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, ქლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ უოლტზი. ეს ნიშნავს, რომ ტექსტის მომზადებაზე უშუალოდ ეს კონგრესმენები მუშაობდნენ, თუმცა, მის შინაარსს 147 კონგრესმენი იზიარებს.

კომენტარები