კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში ერთ დღეში COVID-19-ის 566 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 566 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით წერს

ქვეყანაში COVID-19-ით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა, 240 კი გამოჯანმრთელდა. 

ჯამში, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 669 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 466 გამოჯანმრთელდა, 245 პაციენტი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ტესტირება სულ 35 389 ადამიანს ჩაუტარდა.  

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 3 ივნისს ამბობდა, რომ ქვეყანაში იყვნენ ადამიანები, რომელთა ჰოსპიტალიზაცია საავადმყოფოებში ადგილების სიმცირის გამო ვერ ხდებოდა. მისივე ინფორმაციით, 6 ივნისისთვის ასეთ ინფიცირებულთა რაოდენობა 200-მდე იყო. ამავე დღის მონაცემებით, ორი ინფიცირებული გარდაიცვალა, რადგან რეანიმაციის განყოფილებაში მათი დროულად გადაყვანა ვერ მოხერხდა.

დღეს, 11 ივნისს, პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება და ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს.

კომენტარები