კორონავირუსი სომხეთში

ფაშინიანი: ჰოსპიტალიზაციის რიგში COVID-19-ით ინფიცირებული 200-მდე პაციენტია

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციის საკუთარ რიგს 200-მდე პაციენტი ელოდება, რადგან სომხეთის კლინიკებში ინფიცირებულთათვის საკმარისი ადგილები არ არის. 

"ვფიქრობ, რომ უნდა გითხრათ სრული სიმართლე, რამდენად საშინელიც არ უნდა იყოს ის. [...] მეტსაც გეტყვით, სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა", - ამბობს ფაშინიანი. 

პრემიერმინისტრის თქმით, დაგვიანება ორმხრივი იყო - გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა მისი ინფიცირების შესახებ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გვიან შეატყობინეს. 

ფაშინიანის თქმით, ორი ინფიცირებული გარდაიცვალა, რადგან რეანიმაციულ განყოფილებაში მათი დროულად გადაყვანა ადგილების სიმცირის გამო ვერ შეძლეს. 

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 364 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3 720 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 190 კი გარდაიცვალა. COVID-19 დაუდასტურდა ფაშინიანსა და მის ოჯახის წევრებსაც.  

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ, სომხეთს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარონ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ თუ სომხეთი დააყენებს საკითხს, რომ დახმარება სჭირდებათ, მზად არიან, დაეხმარონ.

კომენტარები