კონგრესმენების კრიტიკა

კაპანაძე კონგრესმენების შესახებ: მოხსენება განაჩენია, ივანიშვილის პოლიტიკამ კრახამდე მიგვიყვანა

ტაბულა

"ეს მოხსენება არის განაჩენივით". - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე გუშინ, 10 ივნისს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.  

გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აშშ-მა უნდა გააფართოოს სანქცირებული ადამიანების სია, რომელმაც, თავის მხრივ, უნდა მოიცვას ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეხმარებიან. ასეთ ადამიანად, მათ შორის, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული. 

13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". 

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კონგრესმენები და ჩვენი პარტნიორები ასეთ მწვავე შეფასებებს აკეთებენ, მაგრამ ეს მოხსენება არის განაჩენივით. პრაქტიკულად მათ თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს საქართველოში და ძირს უთხრის ქვეყანას. ეს განაჩენი სისრულეში უნდა მოიყვანოს ქართველმა ხალხმა ოქტომბრის არჩევნებზე, იმიტომ, რომ სრულიად წარმოუდგენელია, ქვეყნის მართვა გააგრძელოს ადამიანმა, რომლის მიმართაც ასეთი დამოკიდებულება გააჩნიათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. 

ნათელია, ვის უჭერს და ვის არ უჭერს მხარს დასავლეთი და ნათელია, რომ ივანიშვილის ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა სრულ კრახამდე, რისი ერთერთი გამოვლინებაც არის ეს ძალიან შემაშფოთებელი და ძალიან მწვავე მოხსენება", - ამბობს კაპანაძე. 

ამერიკელი კონგრესმენების ანგარიში სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები