კონგრესმენების კრიტიკა

წულუკიანი: ივანიშვილი ამ ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება 13 კონგრესმენის მიერ მომზადებულ ანგარიშს,  სადაც ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პრეზიდენტის მთავარ მოკავშირედაა მოხსენიებული. 

წულუკიანის თქმით, ნაციონალური მოძრაობა მარცხისთვისაა განწირული და ცდილობს, ლობისტების საშუალებით დაუბრუნდეს 2012 წლის რიტორიკას. მისი განმარტებით, მსგავს განცხადებებს ნაციონალური მოძრაობის ლობისტები ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდეც ავრცელებდნენ. 

"უცნაურია, რომ ეს კვლევა, თქვენ რომ ნახეთ, სააკაშვილს უკვე ნანახი და Facebook-ზე დადებული ჰქონდა. ჩვენ გვახსოვს 2012 წელს მსგავსი „კვლევები და ანაგარიშები“, სადაც ეწერა, რომ ოცნება არის პუტინის აგენტი, და იმისათვის, რომ პუტინის დავალებით მოვიდეს ხელისუფლებაში, ივანიშვილი არიგებს მაცივრებს და ტელევიზორებს.

ნაციონალურმა მოძრაობამ, სააკაშვილებმა, რომელი ქვეყნის პოლიტიკოსებადაც არ უნდა მოგვევლინონ ისინი ქვეყნის შიგნით, რესურსი პრაქტიკულად ამოწურეს და ისინი განწირული არიან დამარცხებისთვის", - ამბობს წულუკიანი. 

წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილზეც ილაპარაკა და თქვა, რომ ივანიშვილი არის საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტი. 

"ბიძინა ივანიშვილი არის - ამას უკვე სრული სერიოზულობით ვამბობ, - ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და რეალობაში,  და ჯერჯერობით გახლავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენეტიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი.

შესაბამისად, თუ ოპოზიციისა და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკა არის სტაბილიზატორი, მომეცით უფლება, რომ მე ეს არ გავიზიარო", - ამბობს წულუკიანი.

10 ივნისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა გამოაქვეყნა ანგარიში, სახელწოდებით "ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა". 

ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად წერია, რომ აშშ-მა უნდა გაზარდოს სია სანქცირებული ადამიანებისა, სადაც, თავის მხრივ, უნდა შევიდნენ ისეთი ოლიგარქები, რომლებიც პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ადამიანად, სხვებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილიცაა მოხსენიებული. 

13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". 

კომენტარები