ეროვნული გამოცდები 2020

მინისტრის მოადგილე: აბიტურიენტებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ ნიღაბი

კვირის პალიტრა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ იმ რეკომენდაციებს, რომლის დაცვაც ერთიან ეროვნულ გამოცდების მონაწილე ყველა ადამიანისთვის აუცილებელია. 

მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის თქმით, რეკომენდაციები ყოველმხრივ დაცული უნდა იყოს. მისივე თქმით, ნიღაბი, რომელიც აბიტურიენტებს უნდა ეკეთოთ, შეუძლიათ თავად აირჩიონ. თუმცა, საგამოცდო სივრცეში მათ ნიღბები აუცილებლად დახვდებათ. 

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი რეკომენდაციებს არ დაემორჩილება, პირველ ეტაპზე ის მიიღებს გაფრთხილებას. 

"რაც შეეხება ჯანმრთელობის პრობლემის მქონე აბიტურიენტებს, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უკვე განაცხადა, თუ აბიტურიენტის მიერ წარმოდგენილი იქნება დადასტურებული ცნობა, რომ მისთვის რაიმე განსაკუთრებული პირობებია საჭირო, ეს არგუმენტი ყოველმხრივ გათვალისიწინებული იქნება. ასეთი აბიტურიენტებისთვის გვექნება ცალკე სივრცე. ჩვენ თითოეულ საგამოცდო ცენტრში გვეყოლება გადამზადებული მედპერსონალი, რომელთაც დამატებითი ტრენინგები ექნებათ გავლილი კოვიდინფექციასთან მიმართებაში. გვექნება ასევე ცალკე სივრცე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის",- ამბობს მინისტრის მოადგილე. 

მისივე თქმით, სიცხის გამოვლენის შემთხვევაში აბიტურიენტებს განაცალკევებენ.. 

"ზღვარი დაყოფილია 37,5 გრადუსამდე და 37,5 გრადუსის ზევით. ამით გათვალისწინებულია აბიტურიენტის სტრესული სიცხე. თუმცა, 37,5 გრადუსის ზევით სიცხის შემთხვევაში აბიტურიენტმა უნდა დაადასტუროს, რომ ეს არ არის კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებული სიცხე. ამისთვის აუცილებელია წინასწარი PSR ტესტირება, რომელიც ძალიან მაღალი სიზუსტისაა და ეს ტესტირება იქნება უფასოდ ჩატარებული", - ამბობს მინისტრის მოადგილე. 

განათლების სამინისტროს ცნობით, ერთიან ეროვნულ/სამაგისტრო გამოცდებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი, მოიხსნება გამოცდიდან. ამასთან, გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერი გამორთული იქნება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდები 1 აგვისტოდან დაიწყება.

გამოცდებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული მითითებები - ნახეთ აქ.

კომენტარები