ეროვნული გამოცდები 2020

მინისტრი: ეროვნული გამოცდები ჩატარდება ივლისში, იმავე ფორმატით, ოთახში არ იქნება 10 პირზე მეტი

ipress

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იმავე ფორმატით და იმავე დროს, როგორც ადრე ტარდებოდა.

ჩხენკელი ამბობს, რომ სამინისტროს ორიენტაცია ივლისზე აქვს აღებული, თუმცა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება, გამოცდებმა აგვისტოში გადაინაცვლოს. სხვა ცვლილებას მინისტრი არ ვარაუდობს. 

მისივე თქმით, ზუსტი თარიღები ივნისში გამოცხადდება, როგორც წინა წლებში ხდებოდა.

"ივნისში მთელ საზოგადოებას ვაცნობებთ დეტალებს და წელს, რა საკვირველია, ამას დამატებითი განზომილება გააჩნია, რადგანაც ივნისში ჩვენ ყველას გვექნება გაცილებით უფრო მკაფიო სურათი ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, ეს არის თარიღი და აგვისტოსკენ გადატანა," - ამბობს მინისტრი.

ჩხენკელი ამბობს, რომ გამოცდების დროს ზედმიწევნით კარგად იქნება დაცული ჯანდაცვის სფეროს პროტოკოლები.

მინისტრი ჯერჯერობით ერთ რეკომენდაციაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ერთ სივრცეში, ანუ ერთ ოთახში, გამოცდების მიმდინარეობისას არ იქნება 10 აბიტურიენტზე მეტი.

მისივე ინფორმაციით, რეკომენდაციების და პროტოკოლის დეტალური სია ივნისში გამოქვეყნდება.

კომენტარები