უკრაინა

ვოლოდიმირ ზელენსკის საკარანტინო შეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმა გამოუწერეს

president.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მას ხმელნიცკის ოლქის ერთერთ კაფეში სტუმრობისას ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების დარღვევის გამო ჯარიმა გამოუწერეს

როგორც უკრაინული მედია UNIAN წერს, ჟურნალისტებთან საუბრის დაწყებამდე ზელენსკიმ მათ უთხრა, რომ შეუძლიათ, პირბადეები მოიხსნან, იმისათვის, რომ ერთმანეთის ხმა ასე უკეთ გაიგონ. 

“ისე მოხდება, როგორც ხმელნიცკის ოლქში მოხდა - ჯარიმა გამომიწერეს. პრინციპში, სწორად მოიქცნენ“, - თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინული მედიის გადმოცემით, 3 ივნისს პრეზიდენტის ოფისის Telegram-არხზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ერთერთი კაფეს მაგიდასთან, სულ ცოტა, 5 ადამიანთან ერთად ზის. 

“პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხმელნიცკის ცენტრალურ ნაწილში გაისეირნა და ადგილობრივ კაფეში ყავა გასინჯა“, - წერდა პრესსამსახური. უკრაინული მედიის ცნობით კი, 3 ივნისის მონაცემებით უკრაინაში აკრძალული იყო საზოგადოებრივი კვების ობიექტების საქმიანობა. აკრძალვა 5 ივნისს მოიხსნა. შეზღუდვების მიხედვით მხოლოდ ღია კაფეებს შეეძლოთ მომხმარებლის მიღება და თან იმ დათქმით, რომ ერთ მაგიდასთან ჯდომა მხოლოდ 4 ადამიანს შეეძლო. 

4 ივნისს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანტონ გერაშჩენკომ თქვა, რომ პოლიცია ზელენსკისა და სხვა ჩინოვნიკების მიერ საკარანტინო წესების შესაძლო დარღვევის ფაქტს განიხილავს. მოგვიანებით ზელენსკიმ თქვა, რომ ჯარიმის გადასახდელად მზად არის, თუკი შესაბამისი ნორმები დაარღვია. 

თუმცა მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა, ვიქტორ ლიაშკომ, რომელიც ზელენსკისთან ერთად იმყოფებოდა კაფეში, თქვა, რომ პრეზიდენტს საკარანტინო ნორმები არ დაურღვევია, ვინაიდან ამ ვიზიტს ზედამხედველობის ხასიათი ჰქონდა და ამოწმებდნენ, თუ როგორ აპირებდნენ საზოგადოებრივი კვების ობიექტები 5 ივნისიდან მუშაობის გაგრძელებას. 

კომენტარები