თბილისის მეტრო

კალაძე: თბილისის მეტრო პირველ ოქტომბრამდე კვლავ 06:00-დან 23:00 საათამდე იმუშავებს

Facebook: Kakha Kaladze

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, კახი კალაძემ, თბილისის მეტროში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა. მისი თქმით, მეტროში დაწყებულია ძალოვანი კაბელების ცვლილება, არსებული ვაგონების განახლება-ჩანაცვლება და ა.შ.

მისივე თქმით, სამუშაოებს თურქული კომპანიების კონსორციუმი (Dogus და Elsitel) აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ "მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ახორციელებს. პროექტის ღირებულება 15 მილიონი აშშ დოლარია.

კალაძის თქმით, პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ივლისისთვის იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პროექტის დასრულება შეაფერხა, რადგანაც ქვეყანაში უცხოელი ექსპერტები დროულად ვერ ჩამოვიდნენ და სამუშაოების წარმოებაც შეფერხდა.

კალაძე ამბობს, რომ სამუშაოს მწარმოებელი და ზედამხედველი კომპანიების მოსაზრებით, ზემოაღნიშნულის გამო, სამუშაოების დასრულების გახანგრძლივდება და შესაბამისად, პროექტი ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

"მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველ ივლისამდე, მეტროს მუშაობის დრო შემცირებული იყო და ნაცვლად 00:00 საათისა, მოძრაობა 23:00 საათზე სრულდებოდა. სამუშაოების გახანგრძლივების გამო, კომპანიამ მოგვმართა თხოვნით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩეს და მეტროს მუშაობის დროდ პირველ ოქტომბრამდე კვლავ 06:00-დან 23:00 საათი განისაზღვროს",- ამბობს კახი კალაძე. 

თბილისის მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის 1 ივლისს დაიწყო. 

კომენტარები