ერთიანი ეროვნული გამოცდები

გამყრელიძე: თუ აბიტურიენტს გამოცდამდე სიმპტომები ექნება, PCR ტესტი უნდა ჩაიტაროს

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აბიტურიენტს კორონავირუსის სიმპტომები ექნება, მას PCR ტესტირება უნდა ჩაუტარდეს. გამყრელიძის თქმით, ტესტი აბიტურიენტებს უფასოდ ჩაუტარდებათ.  

"თუ გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე აბიტურიენტს აქვს სიმპტომები - მომატებული ტემპერატურა, 37-დან ზემოთ, აქვს ხველა, სუნთქვის გაძნელება, რა თქმა უნდა, მან უნდა მიმართოს პირველადი ჯანდაცვის, ანუ ოჯახის ექიმს და მისი რჩევით იქნება გამოკვლეული, რეფერირებული PCR კვლევაზე", - თქვა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე. 

გამყრელიძის ინფორმაციით, ჩამოთვლილი სიმპტომები, შესაძლოა, სხვა დაავადებასაც ახასიათებდეს, ამიტომ, აბიტურიენტმა გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს, რათა "არ დაიჩაგროს."

"მოგეხსენებათ, კოვიდინფექციის პირველი მთავარი კლინიკური გამოვლინება არის რამდენიმე სიმპტომი - პირველ რიგში, ტემპერატურის მომატება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა. შეიძლება, იყოს ცემინებაც. ამიტომ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ამ სიმპტომებით ადამიანი იყოს წინასწარ დიაგნოსტირებული, რომ არ შევიდეს გამოცდაზე ინფიცირებული.  

მოგეხსენებათ, ზუსტად იგივე სიმპტომები, განსაკუთრებით ზაფხულში, შეიძლება ახასიათებდეს სხვადასხვა დაავადებას და ჩვენ აბიტურიენტი არ უნდა ჩავაყენოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ თუ მას თუ აბიტურიენტს აქვს ალერგია ან ჩვეულებრივი გაცივება, სურდო, ზოგიერთს, მოგეხსენებათ, ნორმალურ ტემპერატურად 37 გრადუსი აქვს ხოლმე, არ უნდა დაიჩაგროს და არ იყოს აუცილებლობა მისი გამოცდის გადავადების ან არდაშვების", - თქვა გამყრელიძემ.  

გამყრელიძის ინფორმაციით, აბიტურიენტს, შესაძლოა, ემოციურ ფონზე ჰქონდეს ტემპერატურა მომატებული. ამიტომ, მისივე თქმით, მათ დრო მიეცემათ, რათა ტემპერატურა კლასიკური ვერცხლისწყლის თერმომეტრით გადაამოწმონ. 

"ხშირად, შესაძლოა დისტანციური თერმომეტრით დაფიქსირდეს 37-37.2, ვერცხლისწლის თერმომეტრი უფრო ზუსტია, შესაძლოა, იქ აღმოჩნდეს ნორმალური ტემპერატურა", - თქვა გამყრელიძემ. 

რაც შეეხება აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები აქვს, PCR კვლევით კი ინფიცირება არ დაუდასტურდება, ამირან გამყრელიძის თქმით, ის გამოცდას იზოლირებულ ოთახში ჩააბარებს.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 6 ივლისიდან დაიწყება და 25 ივლისამდე გაგრძელდება. სამაგისტრო გამოცდები 1-4 აგვისტოს ჩატარდება, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი კი 25 ივლისს.  

გამოცდებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული მითითებები - ნახეთ აქ.

კომენტარები