ბიუჯეტის პროექტი

გოცირიძე: ბიუჯეტში ის ხარჯებია შემცირებული, რისი დახარჯვაც ისედაც შეუძლებელი იყო

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში ის ხარჯებია შემცირებული, რისი დახარჯვაც ისედაც შეუძლებელი იყო. გოცირიძე ამბობს, რომ 100 მილიონი მივლინებებში ისედაც ვერ დაიხარჯებოდა, რადგან თანამდებობის პირები ვერ დაფრინავენ.

"ბიუჯეტში ის კორუფციული, უსარგებლო, მეორეხარისხოვანი ხარჯები არ არის შემცირებული, რომელიც შეიძლებოდა მოხმარებოდა ადამიანებს სოციალური გასაცემების სახით. ამ ბიუჯეტში იქნება მხილებული ძალიან ბევრი ის ტყუილი, რომელსაც მა თვეების განმავლობაში მთავრობა ამბობდა", - ამბობს გოცირიძე.

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, განახლებული ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

პროექტის თანახმად, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში პირველადი მიმდინარე ხარჯები 199.6 მილიონი ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები 347.5 მილიონი ლარით მცირდება.

ხარჯების შემცირება ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურის სამინისტროზე აისახება, რომელსაც 251 მილიონ ლარზე მეტი აკლდება. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხარჯები კი 127 მილიონით შემცირდება.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 75 მილიონი ლარით შეუმცირდება, თბილისის მერიის კაპიტალური პროექტებისთვის განკუთვნილი ტრანსფერი კი 35 მილიონი ლარით ნაკლები იქნება.

გარდა ამისა, განახლებული ბიუჯეტის პროექტით გათვალისინებულია მთავრობის შრომის ანაზღაურების 57 მილიონი ლარით შემცირება. მთავრობის წევრების თქმით, მცირდება სამივლინებო ხარჯებიც.

ამისდა მიუხედავად, ძირითადად სახელმწიფო ვალის ზრდის შედეგად, მთავრობის ხარჯები 2020 წლისთვის 1 მილიარდ 872 მილიონი ლარით გაიზრდება. კაპიტალური ხარჯები 123.8 მილიონი ლარით გაიზრდება, ხოლო ვალების მომსახურება და დაფარვა 42 მილიონით.

კომენტარები