საპროტესტო აქციები აშშ-ში

რაისი: ამერიკა უკეთესია, იმიტომ, რომ ჩვენ პრობლემებს თვალს ვუსწორებთ

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა CBS News-სთან ინტერვიუში თქვა, რომ აშშ უკეთესია, რადგან მან პრობლემებს თვალი გაუსწორა. რაისმა ევროპის ქვეყნებს, სადაც რასიზმის წინააღმდეგ აქციებს მართავენ, მადლობა გადაუხადა, თუმცა, მათ ასევე "სარკეში ჩახედვისაკენ" მოუწოდა. 

"გთხოვთ, ჰკითხოთ საკუთარ თავებს, რას საქმიანობთ ევროპის ქვეყნებში და მთელს მსოფლიოში რასობრივ და ეთნიკურ უთანასწორობასთან დაკავშირებით? ამერიკა უკეთესი გახდა, რადგან ჩვენ ავირჩიეთ პრობლემებისთვის თვალის გასწორება. მასთან დაპირისპირება, ჩვენ ვებრძვით ჩვენს პრობლემებს, ახლაც ვუპირისპირდებით მას. 

მე ნამდვილად არ მჭირდება ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის ლექციები მშვიდობიანი პროტესტის შესახებ, როდესაც მათ თავად გამოიყენეს საკუთარი ძალა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი მთავრობას აკრიტიკებდა", - ამბობს რაისი.  

რაისმა ასევე დაგმო რუსეთის, ირანისა და ჩინეთის პროპაგანდა, რომელიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას უკავშირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ "არ არსებობს გამართლება კრიმინალისა და დანაშაულის, რომელიც ბოლო ორი კვირაა, ამერიკის ქალაქებში ხდება." მისივე თქმით, ამერიკის ზოგიერთი მოწინააღმდეგე, რუსეთი, ირანი და ჩინეთი პროპაგანდად იყენებს ჯორჯ ფლოიდის შემთხვევას და იმას, რაც დღეს ამერიკის ქუჩებში ხდება.  

ფერადკანიანი კაცი, ჯორჯ ფლოიდი აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში 25 მაისს პოლიციელმა მოკლა. მომხდარმა მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია.

აშშ-ში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურნენ როგორც რუსეთიდან, ასევე ჩინეთიდან და ირანიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ აშშ-ს განუცხადა, რომ მათ მორალური უფლება დაკარგეს, სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღევაში დაადანაშაულონ.

მსგავსი მესიჯი იყო ჩინეთიდანაც. ირანმა კი “შური იძია” ირანში მიმდინარე აქციებისას აშშ-ის მოწოდებებზე და ტრამპის მიერ მათთვის გაგზავნილი მესიჯი “უკან დაუბრუნა” - მათ აშშ-ს მოუწოდეს, შეეწყვიტათ ძალადობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

სამივე ამ ავტორიტარულ სახელმწიფოში მშვიდობიანი აქციის ჩატარება მუდმივად დარბევით, დაკავებებით და მკვლელობებით სრულდება. ხელისუფლების ოპონენტები მუდმივად წნეხის და რეპრესიების ქვეშ არიან. ჩინეთი სარგებლობს პანდემიის დროს შექმნილი მდგომარეობით და ჰონგ-კონგის ავტონომიის გაუქმებას ცდილობს, რათა ისევე ეფექტურად ჩაახშოს დემოკრატიის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქციები, როგორც ამას კონტინენტურ ჩინეთში ახერხებენ.

რამდენიმე დღის წინ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერზეც დაწერა, რომ ის მხარს უჭერს აფროამერიკელების უფლებების დაცვას აშშ-ში. თუმცა, ჩინეთში უმცირესობების უფლებები მასობრივად ირღვევა. 23 მაისს აშშ-მა განაცხადა, რომ ჩინეთს სანქციებს დაუწესებდა იმისთვის, რომ ჩინური კომპანიები მონაწილეობენ ადამიანის უფლებების დარღვევაში, რეპრესიებში, მასობრივ დაკავებებში, იძულებით შრომის დაწესებაში, ტექნოლოგიებით უიღურელთა, ეთნიკურ ყაზახთა, მუსლიმი უმცირესობის ჯგუფების წინააღმდეგ ზედამხედველობის კამპანიაში, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია ახორციელებს.

აპრილში კი მაკდონალდსმა ჩინეთში დროებით დახურა რესტორანი, სადაც ფერადკანიან მომხმარებლებს არ უშვებდნენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო აქციების შესახებ - წაიკითხეთ აქ. 

აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობის შესახებ - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები