საპროტესტო აქციები აშშ-ში

ჩიკაგოს გარეუბანში მიმდინარე საპროტესტო აქციებისას 2 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოს გარეუბანში მიმდინარე საპროტესტო აქციებისას 2 ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ 60 პირი დააკავა.

ინციდენტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია აქციების დროს დაჭრილთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა.

ბოლო 1 კვირის განმავლობაში აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებისას სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა.

29 მაისს 19 წლის კაცი გარდაიცვალა დეტროიტში, როდესაც უცნობმა პირმა აქციაზე შეკრებილთა მისამართით ცეცხლი გახსნა.

31 მაისს ინდიანაპოლისში დემონსტრანტების მისამართით სროლისას დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი. სენტ ლუისში ერთი ადამიანი დაიღუპა, როდესაც მომიტინგეებმა ქუჩა გადაკეტეს, FedEx-ის მანქანის გაქურდვა სცადეს და ცეცხლი წაუკიდეს.

ამავე დღეს ჩიკაგოში სროლისას დაიჭრა 6 და დაიღუპა ერთი ადამიანი.

ოუკლენდში კი პოლიცია ეროვნული უსაფრთხოების დაქირავებული თანამშრომლის გარდაცვალებას იძიებს. მას ფედერალური სასამართლოს შენობასთან ესროლეს. უცნობია აქვს თუ არა კავშირი მომხდარს აქციებთან.

31 მაისს დეტროიტში 21 წლის კაცს საკუთარ მანქანაში ესროლეს და მოკლეს.

აქციები, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მოჰყვა, ზოგ ქალაქში ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა - დემონსტრანტებმა ავტომობილები, შენობები გადაწვეს. სპეცრაზმმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

30 მაისს მინეაპოლისში ყოფილ პოლიციელს, დერეკ შოვინს, 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობისთვის წარუდგინეს.

ფლოიდის ოჯახმა და ადვოკატმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა ის დაგვიანებულია. ოჯახი პოლიციელისთვის პირველი ხარისხის მკვლელობისთვის ბრალის წარდგენას და შემთხვევაში მონაწილე დანარჩენი სამი პოლიციელის დაკავებას ითხოვს. 

ჯორჯ ფლოიდს ყალბი ფულის გამოყენების გამო აკავებდნენ. პოლიციამ განაცხადა, რომ მან დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა სცადა და სამედიცინო დახმარება სჭრიდებოდა. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დაკავების პირველი წუთები არ ჩანს, თუმცა ასახულია, როგორ წევს მიწაზე დაკავებული. მას ხელბორკილები ადევს, თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიციელი მუხლით კისერზე აწვება. ისმის კაცის ხმა "ვერ ვსუნთქავ, არ მომკლათ".

აქციების გამო აშშ-ის 15 შტატში და ასევე დედაქალაქ ვაშინგტონში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული. სულ შტატებში ეროვნული გვარდიის 5 000-მდე წევრი გაიგზავნა. გუბერნატორების თქმით ისინი ადგილობრივ სამართალდამცველებს კერძო საკუთრების დაცვაში, ძარცვის შეჩერებაში და გადაადგილების მოწესრიგებაში დაეხმარებიან.

40-მდე ქალაქში კომენდანტის საათია გამოცხადებული. ზოგიერთ ქალაქში მისი გახანგრძლივება 8 ივნისამდე სურთ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუ აშშ-ის ქალაქებში არეულობა გაგრძელდება სამხედრო ძალებს გაგზავნის.

კომენტარები