ლგბტქ ადამიანების უფლებები

უსუფაშვილი: ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ლელო მხარს არ უჭერს

დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილის თქმით, ერთნაირსქესიანთან ქორწინების დაკანონებას ლელო მხარს არ უჭერს.

მან ფეისბუქზე პოსტი მამუკა ხაზარაძის მიერ 6 ივნისს გაკეთებული განცხადებების შემდეგ დაწერა - ლელოს ლიდერმა ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ ლგბტქ ადამიანების ქორწინება მისთვის მიუღებელია და რომ კონსტიტუციაში ოჯახის განმარტება "ლამაზად წერია", ხოლო უმცირესობების უფლებები საქართველოში კარგად არის დაცული.

"დაცვა. განსხვავებული ორიენტაციის გამო ვინმეს დევნას, შევიწროვებას ან დისკრიმინაციას ვგმობთ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. სახელმწიფომ უნდა გაატაროს თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკა არა მხოლოდ შესაბამის დამნაშავეთა დასასჯელად და მსხვერპლთა დასაცავად, არამედ მსგავსი მოპყრობის დაუშვებლობისადმი საზოგადოებრივი კლიმატის შესაქმნელად.

ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას „ლელო“ მხარს არ უჭერს, ისევე, როგორც ამას მხარს არ უჭერდა მთელი დემოკრატიული სამყარო სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ. შესაძლოა, ამის გამო ვიღაცის თვალში ძველმოდურად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ ავიტანთ და უნდა აგვიტანონ ყოველგვარი „ფობიობანას“ გარეშე", - წერს უსუფაშვილი.

ქორწინების განსაზღვრება კონსტიტუციაში 2017 წელს შეიცვალა - ქვეყნის მთავარ დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ოჯახი არის ქალის და კაცის ერთობა. ძველ რედაქციაში ეწერა, რომ ოჯახი მეუღლეების თანასწორი ერთობა იყო.

ქორწინების შესახებ ჩანაწერის შეცვლის ინიციატივით თავდაპირველად პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი 2014 წელს გამოვიდა. ინიციატივას საფუძვლად ჰომოფობიური მოტივი ედო. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსით ერთი და იმავე სექსის ადამიანების ქორწინება დაშვებული არასდროს ყოფილა, კონსტიტუციით უთანასწორობა კიდევ უფრო გამყარდა.

ლგბტქ+ თემის ის წევრები, რომლებიც ერთ ოჯახად ცხოვრობენ, მაგრამ ურთიერთობას ვერ აკანონებენ, ამბობენ, რომ პრობლემები ექმნებათ საავადმყოფოში, ქონების რეგისტრაციის, გაყოფის და სხვა ყოფითი საკითხების გადაწყვეტის დროს, რაც მათი უფლებების შეზღუდვაა.

ლგბტქ+ ადამიანები, საზოგადოების ჰომოფობიური განწყობების გამო მუდმივად ხდებიან, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები. მათ შეზღუდული აქვთ როგორც გამოხატვის თავისუფლება, ისე სხვა ფუნდამენტური უფლებები.

კომენტარები