ბიუჯეტი 2020

კოვზანაძე: კორექტირებული ბიუჯეტი პარლამენტში 5 ივნისს შემოვა

საქართველოს მთავრობა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თანახმად, მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას პარლამენტს 5 ივნისს წარუდგენს.

"ბიუჯეტი შემოვა 5 ივნისს პარლამენტში. შესაბამისი გრაფიკიც იქნება ალბათ გასაკეთებელი. მომდევნო კვირიდან, ჩემი ინფორმაციით, წინასწარი ინფორმაციით, 5 ივნისს აპირებს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო, რომ კორექტირებული ვერსია წარმოადგინოს", - ამბობს კოვზანაძე.

მისი თქმით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მოამზადებს გრაფიკს, რათა კომიტეტებმა განახლებული ბიუჯეტის განხილვის დაწყება შეძლონ.

კორექტირებული ბიუჯეტი, სადაც ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შემარბილებელი ზომებია ასახული, მთავრობას პარლამენტისთვის მაისში უნდა წარედგინა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 16.261 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.

თავდაპირველი გეგმით, 2020 წლის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები 14.432 მილიარდი ლარი უნდა ყოფილიყო.

კომენტარები