მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

ევროკავშირი ტრამპს WHO-სთან ურთიერთობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, დაჟინებით მოუწოდებს, დაფიქრდეს მის გადაწყვეტილებაზე და გააგრძელოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) ურთიერთობა.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა, ტრამპს მოუწოდა, გადახედოს მის გადაწყვეტილებას, რადგან "ქმედებები, რომლებიც საერთაშორისო შედეგებს შეასუსტებს, თავიდან უნდა იქნეს აცილებული" და ახლა პანდემიასთან ბრძოლისას კოოპერაცია და საერთო გამოსავლების ძიებაა საჭირო.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გააგრძელოს საერთაშორისო დონეზე პასუხების გაცემა პანდემიასთან ბრძოლისას ახლაც და მომავალში, ამისთვის კი, ყველას მონაწილეობა და მხარდაჭერა საჭირო და მნიშვნელოვანია", - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ყველაზე დიდი დაფინანსების წყარო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის სწორედ აშშ-ია. გუშინ, 29 მაისს, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს. მისივე თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ნაცვლად, ქვეყანა მსოფლიოში არსებულ სხვა ჯანდაცვის საქველმოქმედო ორგანიზაციებს დააფინანებს.

აქვე, აშშ-ის პრეზიდენტმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე განცხადება 15 აპრილს გააკეთა. დონალდ ტრამპი ორგანიზაციას ფუნქციების სათანადოდ არშესრულებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მისივე სიტყვებით, ჯანდაცვის ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე ჩინეთის ხელისუფლების დეზინფორმაციას გადაუმოწმებლად ენდობოდა. 

28 აპრილს ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთს კორონავირუსის შეჩერება შეეძლო ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის გლობალურად გავრცელდებოდა და მისი ადმინისტრაცია ამ საკითხს სერიოზულად შეისწავლიდა. ამასთან, გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, თქვა, რომ აშშ-ის მოსაზრებით, ოფიციალურმა პეკინმა ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია დროულად არ გაამჟღავნა და დამალა, რამდენად საშიში იყო ის.

კომენტარები